კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევისთვის "ახალი ლიდერების ინიციატივა" დაჯარიმდა

რადიო ათინათი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო ორგანიზაცია "ახალი ლიდერების ინიციატივა" დააჯარიმა, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები რეკომენდაციის დარღვევით დაარიგეს. 

შსს-ის ცნობით, უწყებამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს, ჩაბარდა. 

26 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს, თუმცა ამ საშუალებების მოქალაქეებისთვის გადაცემა ყველა რეკომენდაციის დარღვევით მოხდა, რადგან ათობით ადამიანი მჭიდროდ იდგა ერთმანეთთან. 

ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას, განცხადებით, "ხანდახან ხდება, რომ აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე". მელიას განმარტებით, ზუგდიდში იმდენი ადამიანი მივიდა, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა წესების დაცვა და სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აქ პოლიცია მათ დისტანციის დაცვაში არ ეხმარებოდათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ამ დროის მონაცემებით, ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, 10 ადამიანზე მეტის შეკრებაც იზღუდება, თუმცა ეს შეზღუდვა მართლმადიდებელ ეკლესიაზე არ მოქმედებს, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღესვე საკვირაო წირვა ჩატარდა, წირვის ბოლოს კი მრევლი ერთი კოვზით ეზიარა

კომენტარები