კორონავირუსი საქართველოში

მოწერელია: აფხაზეთიდან მოქალაქეები თუ შემოვლენ, რუხის საავადმყოფოში მივიღებთ

ტვ.პირველი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სამეგრელოში სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა აფხაზეთში არსებული ვითარება სახიფათოა, რადგან იქ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები პრაქტიკულად არავის მიუღია. 

"ახლა იწყებენ, მაგრამ ამის ხარისხობრივი და ორგანიზებული მაჩვენებელი ალბათ საკმაოდ დაბალია, არც ჯანდაცვის სისტემაა მოწყობილი იმ დონემდე რომ ელემენტარულ გამოწვევასაც კი უპასუხოს... არის შემთხვევები რომლებიც ოფიციალურად გახმაურებული არ არის"- თქვა მოწერელიამ ტვ.პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს და მიიღოს. 

"ასეთი შემთხვევა მოხდა გუშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქე ქალბატონი, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას მოსკოვში, გადმოფრინდა ადლერში და შემდეგ ავტომობილით მოხვდა საბერიოში. ამის მერე ჩვენი მედიკოსების ავტომობილით გადმოვიდა ფახულანში და შემდეგ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. დღის ბოლოს ჩვენ პასუხები გვექნება და გვეცოდინება ამ ქალბატონს უდგინდება თუ არა კორონავირუსი"- ამბობს მოწერელია. 

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დასრულდება რუხის საავადმყოფოს მოწყობა და კლინიკა მზად იქნება მიიღოს პაციენტები.

"მას გამოვიყენებთ ჩვენ თუ იქნება აფხაზეთიდან მოქალაქეების შემოდინება და ამავე დროს, როგორც რეგიონში ჩვენი თანამემამულეებისთვის, ასევე, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის"- აღნიშნა რწმუნებულმა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსთან პრევენციის მიზნით ზომები გამკაცრებულია. 29 მარტიდან რეგიონში ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეწყვიტა მოძრაობა. ფოთის ორ და ზუგდიდის ერთ შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყო. ყველა ავტომობილს აჩერებენ, რომელშიც სამ ადამიანზე მეტი იქნება.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. აქედან 18 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 4978 ადამიანი კარანტინშია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 26.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულში და ბოლნისში სრული კარანტინია.

კომენტარები