კორონავირუსი

გახარია Online ვაჭრობაზე: თუ უსაფრთხოების პირობებს დაიცავენ, მიიღებენ მუშაობის ნებართვას

ტვ.პირველი

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, დისტანციური მომსახურების ზოგიერთი ფორმა მოითხოვს დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ონლაინ ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრემიერმა იმედის ეთერში განმარტა, რომ კომპანიებმა სპეციალური ნებართვა უნდა აიღონ.

"ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურებაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე და ა.შ. არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რომ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ, ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს" - ამბობს გახარია და აღნიშნავს, რომ მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალური სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს.

"მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ - მომსახურების სფეროში ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ როგორც ბექში, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვს კლიენტთან, ჩვენს მოქალაქეებთან, ამიტომ, აქ სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან და ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, ვაძლევ გარანტიას, რომ უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას" - თქვა გახარიამ.

პრემიერმინისტრს უკვირს, როგორ შეიძლება, "ორი კვირით ვერ მოვითმინოთ" პლეიერის ყიდვა.

"ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც არის საჭირო დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა ამასთან დაკავშირებით და მომმართა. იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომელსაც მივიღებთ, მაგრამ იყო, მაგალითად, "თუ მინდა ტელეფონის ან ნაუშნიკის ყიდვა"... როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ვერ მოვითმინოთ ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური პლეიერის ყიდვა, ეს უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია" - თქვა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შესახებ მთავრობის დადგენილებით, საქართველოში, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა შეწყდა. ინფორმაცია ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. შესაბამისად, 31 მარტიდან, საკვების მიწოდების გარდა, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა აკრძალულია. ახალი წესების თანახმად მუშაობა უკვე შეწყვიტეს ტექნიკის მაღაზიათა მსხვილმა ქსელებმა. კომპანიებმა შესაბამისი განცხადებები ფეისბუკ გვერდზე განათავსეს. 

კომენტარები