კორონავირუსი

WHO-ს დირექტორი: თუ ცხედრების მეტი ჩანთა არ გსურთ, თავი შეიკავეთ ვირუსის პოლიტიზირებისგან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნების ლიდერებმა კორონავირუსის პოლიტიზებისგან თავი უნდა შეიკავონ, თუ ცხედრების მიეტი ჩანთის ხილვა არ სურთ. 

მისი თქმით, ვირუსის პოლიტიზირება ცეცხლთან თამაშია.

"ნუ ახდენთ ვირუსის პოლიტიზირებას. ის სარგებლობს თქვენი ეროვნულ დონეზე არსებული განსხვავებებით. თუ გსურთ, უფრო მეტი ცხედრის ჩანდა გქონდეთ, მაშინ ასე მოიქეცით," - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. 

ჯანმო-ს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია - "გვინდა, ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ და წინ წავიდეთ. ამ დროისთვის კი ვირუსზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი". 

მან აშშ-სა და ჩინეთს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

"თითის გაშვერაზე არ უნდა დავხარჯოთ დრო. ერთიანობა გვჭირდება," - თქვა მან.

გებრეისუსი ამ მოწოდებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმის განცხადებას გამოეხმაურა.

7 აპრილს ტრამპმა Twitter-ზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომუნისტურ ჩინეთთან ახლო კავშირზე  დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია შეცდა, როდესაც, ვირუსის გავრცელების დროს, ქვეყნებს ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვისკენ არ მოუწოდა:

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. აშშ დიდწილად აფინანსებს [ჯანმო-ს], გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა ის ჩინეთზე ძალიანაა ორიენტირებული. ამას კარგად დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე უარვყავი მათი რჩევა, რომ ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?"

ამავდროულად, აშშ ჯანმო-სთვის დაფინანსების შეზღუდვას განიხილავს. 2018 წლიდან 2019 წლამდე აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის თითქმის 1/5 დააფინანსა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ორგანიზაცია მიზნებს ვერ აღწევს და ამის გაგრძელება არ უნდა დაუშვან, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ახლა ჯანმო-ს ხელმძღვანელობის შეცვლის დრო არ არის.

8 აპრილს ტრამპმა თქვა, რომ ჯერ კიდეც 14 დეკემბერს ჯანმო ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას არ ადასტურებდა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჯანმო-მ  მკაცრად გააკრიტიკა აშშ, როდესაც ის ჩინეთთან ფრენების შეჩერებას განიხილავდა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-მ მსოფლიოს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საზღვრები არ ჩაკეტილიყო და ადამიანებს მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

სწორედ 31 დეკემბერს, დაახლოებით ერთთვიანი მალვის შემდეგ, ჩინეთის მაღალჩინოსნებმა გაამჟღავნეს, რომ ვუხანში ახალი ინფექცია პნევმონიას იწვევდა. ოფიციალურად ახალი ვირუსის აღმოჩენა 2020 წლის 7 იანვარს დაადასტურეს. ჩინეთი ახალ ვირუსზე დეტალებს ნელ-ნელა, იანვრიდან ამჟღავნებდა - ქვეყანამ მხოლოდ 20 იანვარს თქვა, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

18 იანვარს აშშ-მა ჩინეთიდან ჩამოსული პირების შემოწმება დაიწყო და ჩინეთიდან შემოსულ ფრენებზე შემოწმება გაამკაცრა. 23 ინვარს შტატებმა ვუხანთან ფრენების შეწყვიტა. 31 იანვარს ტრამპმა ჩინეთიდან ფრენები აკრძალა.

ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი დაავადებული ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობთ კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

პეკინი პრეტენზიას გამოთქვამს, როდესაც ახალ კორონავირუს, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, ხუბეის პროვინციის დედაქალაქში ვუხანში გავრცელდა, ჩინურ ან ვუხანის ვირუსს უწოდებენ, ქვეყანა ამას რასიზმს მიაწერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შეთქმულების თეორიაც გაავრცელა, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი განცხადება მოგვიანებით დაგმო.

აშშ მიესალმება ჩინეთის მოწოდებას, რომ Covid-19-ის პანდემიას ერთად უნდა ებრძოლონ, თუმცა ამისვთის ჩინეთისგან შესაბამის ქმედებებს ითხოვს - "ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ პეკინს, გააზიაროს ყველა ინფორმაცია ვირუსზე, უფლება მისცეს საერთაშორისო ჯგუფებს, გამოიძიონ ვირუსის გავრცელება და მიეცეთ სიტყვის თავისულება მოქალაქეებს. ჭეშმარიტი თანამშრომლობა არა მხოლოდ რიტორიკას, არამედ გამჭვირვალობას და რეალურ ქმედებას მოითხოვს".

კომენტარები