რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა 9 მაისის სამხედრო აღლუმი გადადო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი 9 მაისის სამხედრო აღლუმი კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე დღით ადრე რუსეთის ვეტერანთა ორგანიზაციებმა პუტინს საერთო წერილით მიმართეს გადაედო გამარჯვების აღლუმი. "სამწუხაროდ, მსოფლიოში და რუსეთში შემქნილი მდგომარეობა, 9 მაისის სამხედრო აღლუმის ჩატარების საშუალებას არ იძლევა", — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

სამხედრო აღლუმის შესაძლო გადადების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში გუშინ გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით აღლუმის გადატანა შემოდგომაზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების იუბილეზე იგეგმებოდა. 

ასევე, განიხილებოდა აღლუმის ჩატარება მაყურებლების გარეშეც. რუსეთში უკვე გადაიდო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი, რომელიც 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო. 

როგორც ცნობილია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეზე რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით მასშტაბურ სამხედრო აღლუმს და სხვა ღონისძიებებს გეგმავდა. აღლუმზე მიწვეული იყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უკლებლივ ყველა ლიდერი. 

რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 27,900 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 232 პაციენტი.

კომენტარები