კორონავირუსი

ანტისხეულების კვლევა სანტა კლარაში: დადასტურებულ შემთხვევებზე 50-80-ჯერ მეტ პირს აქვს Covid-19

BBC

რამდენ ადამიანს აქვს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულები და სავარაუდოდ, იმუნიტეტი? ამის გასარკვევად კალიფორნიის მკვლევართა ორმა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა.

კალიფორნიაში, სანტა კლარაში კვლევაში ჩართულ 3 300 მოხალისეს ახალი კორონავირუსის ანტისხეულების აღმომჩენი ტესტი ჩაუტარეს. როგორც ირკვევა, ტესტირებულთაგან 2.5-დან 4.2%-ს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, ახალი ვირუსით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დადასტურებული.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სანტა კლარაში, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საშუალოდ, 48 000 - 81 000 ადამიანს ახალი კორონავირუსი ჰქონდა. იმ პერიოდში, როდესაც მკვლევარებმა ტესტები ჩაატარეს, სანტა კლარაში ოფიციალურად 1 000 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული ახალი ვირუსი. კვლევის შედეგები 14 აპრილს გამოქვეყნდა.

"ჩვენი კვლევით, სანატა კლარაში, დაახლოებით, 50-ჯერ 80-ჯერ მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ეს დადასტურებული შემთხვევებით არის ცნობილი, რასაც ჩვენი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი იტყობინება," - განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ერან ბენდევიდმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

კვლევაში ჩასართავად მოხალისეები Facebook-ით ონლაინ რეკლამებით მიიზიდეს, ანტისხეულების ტესტისთვის მათი სისხლი აუღეს. სანტა კლარაში ტესტირება სამ ადგილას ჩატარდა, სადაც მოხალისეებს ტესტი ავტომობილებიდან გადაუსვლელად ჩაუტარეს. 

ბოსტონი ბავშვთა საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის ჯონ ბროუნშტეინის თქმით, კალიფორნიის კვლევის შედეგები აშშ-ის მთელ მოსახლეობაზე, სავარაუდოდ, არ ვრცელდება. მან აღნიშნა, რომ ზოგადად, დაინფიცირებულთა რაოდენობას სათანადოდ არ ითვლიან, რადგან ტესტების დეფიციტია ან პაციენტები ასიმპტომურები არიან.

ბენდევიდმა განაცხადა, რომ კვლევით, სანტა კლარას დიდ უმრავლესობას, დაახლოებით, 95%-ს ანტისხეულები კვლავ არ აქვს - "ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვიცადოთ მანამ, სანამ ადამიანები დაინფიცირდებიან ან ანტისხეულები ექნებათ, რათა სამუშაოზე დაბრუნება შეძლონ".

ეს პირველი კვლევაა, რითიც ინფორმაცია მოიპოვეს, თუ კონკრეტული დასახლება ეპიდემიის რა ეტაპზეა.

ანტისხეულების აღმომჩენი ტესტი ადამიანის ორგანიზმის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ანტისხეულებს ნახულობს. ამ ტიპის ტესტირების დროს გამოიყენება ფერმენტშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ე.წ. ELISA, მასალაში მოლეკულები ანტისხეულს ან ანტიგენს უკავშირდება და წარმოიქმნება აღქმადი სიგნალი. ამგვარი ტიპის ტესტი შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიაში ან ლაბორატორიის გარეთ (Point of Care), დამოკიდებულია ტესტის ტიპზე. ეს ტესტი გამოიყენება ზოგადი ინფექციის და მოსახლეობის იმუნური სტატუსის შესაფასებლად. ანტისხეულებზე ტესტი აჩვენებს ორ რამეს, ვის აქვს გადატანილი - ოღონდ, ამას დაახლოებით 2 კვირის შემდეგ აჩვენებს და ვის აქვს მწვავე პროცესის დროს, სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 7 დღეში. მიმდინარე ინფექციის აღმოსაჩენად ტესტის გამოყენება შესაძლოა სკრინინგულად (დაავადების საწყის ფაზაში ტესტი შესაძლოა არ იყოს სანდო).

  • რაში შეიძლება გამოგვადგეს ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება?

ანტისხეულების ტესტებით ვიგებთ, ვის აქვს გადატანილი ვირუსი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულს ახალი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი სავარაუდოდ უკვე გამომუშავებული აქვს და მას ხელახლა დაინფიცირებისგან იცავს. ამ ადამიანებს გარეთ გასვლა სხვებზე მეტად შეეძლებათ და ერთგვარი ბუფერები იქნებიან სხვა ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი არ შეხვედრია.

აქვე, ასევე აღსანიშნავია, რომ უცნობია რამდენ ხალხს გრძელდება ეს იმუნიტეტი ასევე ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაავადება გადატანილი ადამიანი მეორეჯერ არ დაინფიცირდება, თუმცა ვირუსგადატანილი ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ მეტად გამძლეა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიროლოგის ანგელა რასმუსენის თქმით, სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, რაც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს, ხელახლა დაავადება შესაძლებელია, თუმცა წლების და არა კვირებისა და თვეების შემდეგ. ჯერჯერობით, უცნობია ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხელახლა დაავადების დრო, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ.

აღსანიშნავია, იმ ადგილებში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმომჩენი ტესტის ჩატარება, რათა გავიგოთ დაინფიცირების მაჩვენებელი და ვივარაუდოთ, ახალი ვირუსი წინააღმდეგ საზოგადოებას როდის გამომუშავდება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ან მისი გამომუშავების რა ეტაპზე ვართ.

კომენტარები