კორონავირუსი

ჩეხეთში ახალი კორონავირუსის ანტისხეულების გამოსავლენ ტესტს 27 000 ადამიანს ჩაუტარებენ

CityPictures

ჩეხეთის რესპუბლიკაში 27 000 ადამიანს ახალი კორონავირუსის ანტისხეულების გამოსავლენ სწრაფ ტესტს ჩაუტარებენ, რათა გაიგონ, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება ახალ ვირუსთან. მათ, ვისი ტესტის პასუხიც დადებითი აღმოჩნდება, ნაცხს აუღებენ, რათა გაიგონ, ამჟამადაც აქვთ თუ არა ვირუსი.

ახალი კორონავირუსის ანტისხეულებზე კვლევის ჩატარება 22 აპრილიდან დაიწყება.

ტესტირების ჩასატარებლად ჩეხეთის რესპუბლიკის ოთხი რეგიონი შეარჩიეს, სადაც ახალი კორონავირუსი შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული. 

ტესტირებების შედეგებს მაისის დასაწყისისთვის ელოდებიან. ამ შედეგების მიხედვით მთავრობა გაიგებს, თუ რამდენი ასიმპტომური პაციენტი ჰყავდათ ან ჰყავთ, რაც მათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. 

"ჩვენთვის ეს კვლევა მნიშვნელოვანი წინამძღოლი იქნება - ამ მხრივ, რაც მაღალი იქნება მაჩვენებელი, მით პოზიტიური იქნება არსებული მდგომარეობა," - განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ვოიტეშმა.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომან პრიმულა, ვარაუდობს, რომ ტესტირების შედეგი 10%-მდე იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის არ მიუღწევია.

მაგალითად, ავსტრიაში ანტისხეულების ტესტი 1 500 ადამიანს ჩაუტარეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ  აპრილის დასაწყისში 1%-ზე ნაკლები იყო დაინფიცირებული.

კალიფორნიაში, სანტა კლარაში მსგავს კვლევაში ჩართული 3 300 მოხალისედან 2.5-დან 4.2%-ს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევით, სანატა კლარაში, დაახლოებით, 50-ჯერ 80-ჯერ მეტი ადამიანია ინფიცირებული. კვლევა ცხადყოფს, რომ სავარაუდოდ, ახალი ვირუსით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დადასტურებული.

ანტისხეულების აღმომჩენი ტესტი ადამიანის ორგანიზმის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ანტისხეულებს ნახულობს. ამ ტიპის ტესტირების დროს გამოიყენება ფერმენტშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ე.წ. ELISA, მასალაში მოლეკულები ანტისხეულს ან ანტიგენს უკავშირდება და წარმოიქმნება აღქმადი სიგნალი. ამგვარი ტიპის ტესტი შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიაში ან ლაბორატორიის გარეთ (Point of Care), დამოკიდებულია ტესტის ტიპზე. ეს ტესტი გამოიყენება ზოგადი ინფექციის და მოსახლეობის იმუნური სტატუსის შესაფასებლად. ანტისხეულებზე ტესტი აჩვენებს ორ რამეს, ვის აქვს გადატანილი - ოღონდ, ამას დაახლოებით 2 კვირის შემდეგ აჩვენებს და ვის აქვს მწვავე პროცესის დროს, სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 7 დღეში. მიმდინარე ინფექციის აღმოსაჩენად ტესტის გამოყენება შესაძლოა სკრინინგულად (დაავადების საწყის ფაზაში ტესტი შესაძლოა არ იყოს სანდო).

  • რაში შეიძლება გამოგვადგეს ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება?

ანტისხეულების ტესტებით ვიგებთ, ვის აქვს გადატანილი ვირუსი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულს ახალი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი სავარაუდოდ უკვე გამომუშავებული აქვს და მას ხელახლა დაინფიცირებისგან იცავს. ამ ადამიანებს გარეთ გასვლა სხვებზე მეტად შეეძლებათ და ერთგვარი ბუფერები იქნებიან სხვა ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი არ შეხვედრია.

აქვე, ასევე აღსანიშნავია, რომ უცნობია რამდენ ხალხს გრძელდება ეს იმუნიტეტი ასევე ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაავადება გადატანილი ადამიანი მეორეჯერ არ დაინფიცირდება, თუმცა ვირუსგადატანილი ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ მეტად გამძლეა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიროლოგის ანგელა რასმუსენის თქმით, სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, რაც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს, ხელახლა დაავადება შესაძლებელია, თუმცა წლების და არა კვირებისა და თვეების შემდეგ. ჯერჯერობით, უცნობია ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხელახლა დაავადების დრო, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ.

აღსანიშნავია, იმ ადგილებში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმომჩენი ტესტის ჩატარება, რათა გავიგოთ დაინფიცირების მაჩვენებელი და ვივარაუდოთ, ახალი ვირუსი წინააღმდეგ საზოგადოებას როდის გამომუშავდება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ან მისი გამომუშავების რა ეტაპზე ვართ.

კომენტარები