კორონავირუსი

ისრაელში ზომებს ამსუბუქებენ, მთავრობამ დამატებით $2.2 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

REUTERS

24 აპრილს ისრაელის მთავრობამ ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, უფრო მეტი ბიზნესი, მათ შორის, სალონები ხელახლა გაიხსნება. საკვების სახლში მიტანის ან თან წაღების მომსახურეობით გაიხსნება რესტორნები და კაფეებიც. ზომების შემსუბუქება 25 აპრილს საღამოდან დაიწყება. ამავდროულად, მთავრობამ დამატებით 8 მილიარდი ისრაელის ახალი შეკელის ($2 271 542 533) ღირებულების ფინანსური დახმარება დაამტკიცა მცირე ბიზნესებისთვის და თვითდასაქმებული პირებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მფლობელებს შემდეგი წესების დაცვა მოეთხოვებათ - ადამიანებმა 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან, ჩაატარონ რეგულარული დეზინფექცია; დასაქმებულებმა ხელთათმანები და ნიღბები უნდა ატარონ; დამსაქმებლებს ასევე მოეთხოვებათ, რომ თავიანთი დაწესებულების შესასვლელთან ხალხმრავლობა თავიდან აირიდონ; მაღაზიის ფართობის გათვალისწინებით, სალაროსთან ერთდროულად ორიდან ოთხ ადამიანზე მეტი რიგში არ უნდა იდგეს; ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლამდე მომხმარებლებს სიცხეს გაუზომავენ და გამოკითხავენ, აქვთ თუ არა კორონავირუსის სიმპტომები, რაც მოიცავს სიცხეს, ხველას ან სუნთქვის გაძნელებას.

ამ ეტაპზე, სავაჭრო ცენტრების, მასაჟის სალონების და აკუპუნქტურის ცენტრების გახსნა არ იგეგმება - ნებისმიერი ბიზნესი, რაც სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელი არ არის და კლიენტსა და მომსახურე პერსონალს შორის პირდაპირ კავშირს ითვალისწინებს, ჯერჯერობით არ გაიხსნება.

თუმცა, გაიხსნება სილამაზის სალონები - ყოველ მომსახურების შემდეგ დასაქმებულებს აღჭურვილობის დეზინფექცია მოეთხოვებათ; მათ ასევე უნდა ატარონ პირბადეები და სახის დამცავი გამჭვირვალე ე.წ. ფარები; დალაქს ერთდროულად მაქსიმუმ ორი ადამიანის მომსახურება შეეძლება. 

ზომების აღსრულებისთვის მუნიციპალური ინსპექტორების ახალი ჯგუფი პოლიციას და ადგილობრივ ინსპექტორებს შეუერთდება.

ბიზნესის მფლობელებს მოეთხოვებათ, ხელი მოაწერონ დეკლარაციას და შეატყობინონ მუნიციპალიტეტს, რომ მათი ბიზნესი გახსნილი იქნება, დაემორჩილება წესებს და თავად მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ. 

ყოველ ცვლაში ერთი თანამშრომელი ვალდებულია გააკონტროლოს რეგულაციების დაცვა. 

ამავდროულად, მთავრობამ რეგულაციების დარღვევისთვის გააორმაგა ჯარიმები სხვადასხვა დარღევაზე 500-ის ნაცვლად 1000 ისრაელის ახალი შეკელი ($284) და 1000-ის ნაცვლად 2000 ისრაელის ახალი შეკელი. 7 წელს გადაცილებულ ყველა პირს საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება მოეთხოვება - კანონის დარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილების გარეშე მათ 200 ისრაელის ახალი შეკელით დააჯარიმებენ.

ახალი რეგულაციები ამჟამად 3 მაისამდე იქნება ძალაში. ნეთანიაჰუმ ავსტრიის, დანიის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა, რათა გაეგო, თუ რისი სწავლა შეეძლოთ ერთმანეთისგან. აღსანიშნავია, რომ დანია და ავსტრია იმ ქვეყნებს შორის შედის, რომლებმაც რეგულაციების მოხსნა უკვე დაიწყეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში მცირე ბიზნესის მფლობელებმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დახურულიყვნენ მაშინ, როდესაც სხვა ბიზნესები ღია იყო, საპროტესტო აქცია გამართეს.

რაც შეეხება 8 მილიარდი ისრაელის ახალი შეკელის დახმერების პაკეტს, ეს მოიცავს შემდეგს:

5.2 მილიარდი ისრაელის ახალი შეკელი გამოყოფილია ბიზნესებისთვის, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ისრაელის ახალი შეკელს არ აღემატება. ასევე მათ, ვისი გაყიდვებიც კორონავირუსის გამო მარტისა და აპრილის თვეში მნიშვნელოვნად დაზარალდა. გრანტები ასევე გამოყოფილია ისრაელის საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საჯარო ინსტიტუტებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

2.8 მილიარდი ისრაელის ახალი შეკელი გამოყოფილია თვითდასაქმებული პირებისთვის, რომელთა ბიზნესებიც მარტისა და ივნისის თვეებში სულ მცირე 25%-ით შემცირდა. მათ შესაბამისი აპლიკაციის შევსება მაისი პირველი კვირიდან შეეძლებათ. მთავრობის მონაცემებით, ასეთი, დაახლოებით, 600 000 ადამიანია.

ამას გარდა, 67 წლის და უფრო ასაკოვან პირებს, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაისში გრანტის სახით 4000 ისრაელის ახალ შეკელს გადასცემენ. 

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავრობას 8 მილიარდი ისრაელის ახალი შეკელის ფინანსურ დახმარებაზე წვდომა არ აქვს. მთავრობის მონაცემებით, 2.5 მილიარდი ისრაელის ახალი შეკელის ღირებულების დაახლოებით 6 500 სესხი უკვე დამტკიცდა.

მთავრობის მონაცემებით, მარტიდან ისრაელში უმუშევრობაზე აპლიკაცია 995 000 მოქალაქემ შეავსო. ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანაში უმუშევრობა 27.05%-მდე გაიზარდა - აქედან 88% უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ხოლო 7.2% გაათავისუფლეს.

უხელფასო შვებულებაში მყოფმა 3 840 დასაქმებულმა დასაქმების სერვისს შეატყობინა, რომ მიმდინარე კვირას სამსახურში უკვე დაბრუნდნენ. ამჟამინდელი ინფორმაციით, მათ გარდა, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაუბრუნდა სამსახურს, რომლებსაც დასაქმების სტატუსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუახლებიათ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის დაახლოებით 22 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.

25 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 15 148 პირს დაუდასტურდა, 198 პაციენტი გარდაიცვალა, 6 159 უკვე გამოჯანმრთელდა. ისრაელში ახალი კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი 302 691 ადამიანს ჩაუტარეს.

კომენტარები