WHO: არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პირი კიდევ არ დაინფიცირდება

Teller report

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და ანტისხეულები აქვთ, ხელახალი დაინფიცირებისგან დაცული არიან. 

ჯანმო-ს განცხადებით, კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამომუშავდებათ, თუმცა, ზოგიერთი მათგანის სისხლში გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე ძალზედ დაბალია. ეს, თავის მხრივ, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ "უჯრედული იმუნიტეტი საკვანძოა გამოჯანმრთელებისთვის".

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ განცხადებით ის ქვეყნები გააფრთხილა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანებისთვის "იმუნიტეტის პასპორტების" ან "რისკისგან თავისუფალის სერტიფიკატების" მიცემას გეგმავენ, რათა მათ სამუშაოებზე დაბრუნება და მოგზაურობა შეძლონ. 

მსგავსი მოწმობების გაცემას გეგმავენ, მაგალითად, იტალიასა და ჩილეში.

ჯანმო-ს მტკიცებით, ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკი, შესაძლოა, გაიზარდოს, თუ გამოჯანმრთელებული ადამიანები ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად სტანდარტულ რჩევებს უგულებელყოფენ. 

ორგანიზაცია ამბობს, რომ განაგრძობს ვირუსის მიმართ ანტისხეულების მოქმედებაზე დაკვირვებას.

10 აპრილს სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ ახალი კორონავირუსისგან განკურნებულად მიჩნეულ 91 პაციენტს ტესტით ვირუსი კვლავ დაუდასტურდა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს არა ხელმეორედ დაინფიცირება, არამედ ვირუსის ხელახალი გააქტიურება იყოს. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს ამას. შემთხვევებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიროლოგის ანგელა რასმუსენის თქმით, სხვა არამწვავე კორონავირუსების შემთხვევაში, ხელახლა დაავადება შესაძლებელია, თუმცა, ეს ხდება არა კვირებისა და თვეების, არამედ წლების შემდეგ. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხელახალი დაინფიცირების ვადები ჯერჯერობით უცნობია.

საგულისხმოა, რომ ლონდონის უნივერსიტეტის გენეტიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, 2002-2003 წლებში სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსის, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის - SARS-ის ეპიდემიის დროს, მათ, ვისაც ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდათ, იმუნიტეტი 2 ან 3 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდათ. SARS 2002 წელს ჩინეთიდან გავრცელდა. ეს კორონავირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ციბეტინისგან გადაედო, რომელიც ვირუსით ღამურისგან დაავადდა. SARS-ით 2002-2003 წლებში 8000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, აქედან 800-მდე პაციენტი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ SARS სტრუქტურულად ახალი კორონავირუსის (იგივე SARS-CoV-2) მსგავსია.

კომენტარები