ახალი ზელანდიის პრემიერი: ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, ამ დროისთვის ეს ბრძოლა მოვიგეთ

bbc.com

ახალი ზელანდია აცხადებს, რომ საზოგადოებაში კორონავირუსის გავრცელება შეჩერდა. როგორც პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის "ვირუსი აღმოფხვრილია".

ბოლო დღეების განმავლობაში ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები გამოვლინდა. სამშაბათიდან ქვეყანა შეზღუდვების უმკაცრესი - მეოთხე დონიდან მესამეზე გადაინაცვლებს: საქმიანობას განაახლებს ზოგიერთი ბიზნესი, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მკაცრი შეზღუდვები ხელისუფლებამ ეპიდემიის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე შემოიღო, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ჰქონდათ.

ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ვირუსის "აღმოფხვრა" ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ახალი შემხვევები საერთოდ აღარ გამოვლინდება, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ყველა მათგანის წარმომავლობა ცნობილი იქნება.

მთავრობის განცხადებით, ძალაში რჩება სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირების დაცვის მოთხოვნები. ჯერ კიდევ ჩაკეტილი იქნება ქვეყნის საზღვრები, კვლავ აკრძალულია ხალხმრავალი თავშეყრები, დახურულია სავაჭრო ცენტრები. ბავშვების უმრავლესობა სკოლებში არ ივლის.

"ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ," - ამბობს ქვეყნის პრემიერმინისტრი.

ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 1 469 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები