ენმ

ენმ: არც ვმართავდით და არც მომავალში ვაპირებთ არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება Facebook-ის მიერ ქართული ანგარიშების ქსელის გაუქმებას, რომელიც სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული. 

ენმ-ის განცხადებით, ისინი მიესალმებიან Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიფიცირებადი გვერდების, ყალბი ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და წერენ, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთერთი მთავარი სამიზნე. 

"ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს", - წერია პარტიის განცხადებაში. 

ენმ-ის განცხადებით, პარტიის უმთავრესი პრინციპია საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დაამარცხონ ქართული ოცნება სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ყალბ კამპანიას დაუპირისპირონ "თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა". 

"მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს ნაციონალური მოძრაობას წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, ქართული ოცნება არიან", - წერს პარტია. 

Facebook-მა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშების ქსელი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გასულ კვირას გააუქმა, 5 მაისს კი ამის შესახებ სოციალურმა ქსელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში Facebook-ის ადმინისტრაცია წერდა, რომ ამ ქსელის აღმოჩენაში მათ საზოგადოებრივი რეპორტები [Facebook-საჩივრები] დაეხმარათ. 

ამ ქსელის ფარგლებში Facebook-ის პლატფორმიდან წაიშალა 23 პროფილი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. 

სოციალური ქსელის გამოძიებით, ამ ქსელმა Facebook-ზე რეკლამებში, დაახლოებით, $23 800 დახარჯა.

5 მაისს Facebook-მა განცხადება გამოაქვეყნა კიდევ ერთი ქართული ქსელის წაშლის შესახებ, რომელიც ქართული ოცნების PR კონსულტანტს კოკა ყანდიაშვილს უკავშირდება. სოციალური ქსელის პლატფორმებიდან კოკა ყანდიაშვილის პირადი პროფილების გარდა, 790 ანგარიში წაიშალა. 

კომენტარები