კორონავირუსი

მერკელის შტაბის უფროსი: პანდემია, სულ მცირე, წლის ბოლომდე გაგრძელდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, გენერალური შტაბის უფროსმა, ჰელგ ბრაუნმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია, სულ მცირე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

"ჩვენ ახლა პანდემიის შემდგომ [პერიოდში] არ ვცხოვრობთ, ჩვენ პანდემიის შუაში ვართ," - განაცხადა მან.

ბრაუნს სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. 2001-2009 წლებში ის გისენის და მარბურგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიისა და ანალგეტიკური თერაპიის კლინიკაში სამედიცინო ასისტენტი იყო.

6 მაისიდან გერმანიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდა, თუმცა, ამავდროულად, მერკელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მოიმატებს, ამის შესაჩერებლად სასწრაფო ზომებს აამოქმედებენ.

გერმანიაში 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა და საჯარო ადგილებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა. 

გერმანიაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 168 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 7 336 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 139 900 გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნადაა შენელებული - რობერტ კოხის დაავადების კონტროლის ინსტიტუტის ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების მაჩვენებელი 0.7-მდე დაეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გერმანიაში პირი დაინფიცირებულია, ის საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი შემოდგომაზე დაბრუნდება, ან საერთოდ არც წავა.

კომენტარები