კორონავირუსი

ორტაგუსი: Covid-19-ის პირველი გმირები არიან ის ჩინელები, ვინც რისკის ფასად ინფორმაცია გაავრცელეს

მორგან ორტაგუსი
GETTY IMAGES

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირველი, ადრეული გმირები არიან ის ჩინელები, რომლებმაც რიკის ფასად მსოფლიოს ვირუსის შესახებ ამცნეს.

"ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელებს და მსოფლიოს შევახსენოთ Covid-19-ის პანდემიის ნამდვილ ადრეულ გმირებზე. ესენი არიან ჩინელი ექიმები, ჩინელი მეცნიერები, ჩინელი ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გარისკეს, რათა ამ პანდემიაზე ინფორმაცია გაევრცლებინათ," - განაცხადა მან.

ორტაგუსის თქმით, ამ ჩინელი ექიმებიდან, მეცნიერებიდან, ჟურნალისტებიდან ზოგი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, ზოგი მთავრობამ გააქრო, ზოგს უთხრეს მათი ნამუშევარი გაენადგურებინა და გაჩუმებულიყვნენ, ზოგი დააპატიმრეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ განსაკუთრებით მადლიერია ჩინელი ექიმების და მეცნიერების, რომლებმაც ყველაფერი გარისკეს, რათა ინფორმაცია გაევრცელებინათ და მსოფლიოსთვის ეთქვათ, თუ რა ხდებოდა რეალურად. 

"ამიტომ, ჩვენ გვინდა ჩინელმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ მათთვის მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორი ეფექტურები, კრეატიულები, ინოვაციურები შეუძლიათ იყვნენ თავისუფალ და ღია საზოგადოებაში რომ ცხოვრობდნენ, სადაც სიცოცხლის გარისკვის გარეშე შეეძლებათ ლაპარაკი," - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. 

8 მაისს ამერიკელი სენატორები გამოდიან ინიციატივით, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ჩინელი ექიმის, "ვუხანის განგაშის ამტეხის", ლი ვენლიანგის, სახელი ეწოდოს. მან ახალ ვირუსზე ერთერთმა პირველმა დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია. მაღალჩინოსნები ამისთვის ემუქრებოდნენ, მოგვიანებით ის ახალი ვირუსით დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ სამ თვეზე მეტია უცნობია ცნობილი ჩინელი სამოქალო ჟურნალისტის, ჩენ ციუშ'ს შესახებ ინფორმაცია.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე, რომელიც ე.წ. ვუხანის სველი ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის.

აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. 

კომენტარები