კორონავირუსი

ტაივანში 30 დღის განმავლობაში Covid-19-ის შიდა გადაცემა არ დადასტურებულა

ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი ოფიციალურ პირებთან ერთად სამხედრო ბაზას სტუმრობს. 9/04/20.
GETTY IMAGES

ტაივანში 30 დღის განმავლობაში Covid-19-ის შიდა გადაცემა არ დადასტურებულა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ტაივანში არც ახალი ვირუსის იმპორტირებული შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანური მედია ტაივანის ეპიდემიის მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაივანში იანვრიდან ამ დრომდე ახალი ვირუსით დაინფიცირების სულ 440 შემთხვევა გამოვლინდა - აქედან 349 შემთხვევა იმპორტირებულია, 55 ადგილობრივი, ხოლო 36 საზღვაო ფლოტიდან. 

372 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, ახალ ვირუსს 7 პაციენტი ემსხვერპლა.

ტაივანში ახალი ვირუსის გამოსავლენად 67 758 ტესტი ჩატარდა.

ტაივანი ჩინეთისგან 180 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ტაივანი ერთერთი პირველი იყო, რომელმაც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ზომები პირველივე დღიდანვე მიიღო. ტაივანი ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე არც ჩინეთის და არც ჯანმო-ს ინფრომაციას ენდო და 31 დეკმებრს ვუხანიდან ჩამომსვლელების სკრინინგი დაიწყო.

ტაივანმა აპრილში 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-სთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

ჯანმო-ს დირექტორი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ტაივანს რასიზმში ადანაშაულებს, რაც ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო. სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანია ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემა პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწევა. 

ტაივანი ჩინეთის წნეხის გამო ჯანმო-ს შეხვედრებში ვერ მონაწილოებს. "ერთი ჩინეთის პრინციპით" ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად თვლის. ტაივანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ჯანმო-სგან დროულად ინფორმაციის მიღება არ შეუძლია, ჩინეთს კი ბრალს სდებს, რომ ტაივანში კორონავირუსზე ჯანმო-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის. 

8 მაისს ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის სენატორებმა 60 ქვეყანას წერილი მისწერეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ტაივანის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

გასულ თვეს აშშ-მა ჯანმო-ს დაფინასნება შეუწყვიტა. ტრამპი ამბობს, რომ ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისი თქმით, ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

კორონავირუსის გამო ტრამპის რიტორიკა ჩინეთთან მიმართებით გამკაცრდა. აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-ჰარბორზე შეტევები.

კომენტარები