საარჩევნო შეთანხმება

ბოკუჩავა: შეთანხმებას შლის ბიძინა ივანიშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა ერთიანია და იგივე რჩება - შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი ანუ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოკუჩავას თქმით, ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. 

ამის შესახებ მან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ შეთანხმების ორივე კომპონენტის შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია. 

"გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებას აქვს 2 ნაწილი, ის ან სრულდება მთლიანად ან ამ შეთანხმებას შლის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თუ ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს პოლიტიკურ პატიმრებს, ის პოლიტიკური პარტიები რომლებიც წარმოდგენილი ვართ პარლამენტში და მე ბუნებრივია ვსაუბრობ ენმ-ის სახელით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმიტომ რომ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა", - თქვა თინა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა აღნიშნული შეთანხმების დარღვევაზე ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. 

დღევანდელ შეხვედრაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა 8 მარტის შეთანხმებასა და მასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციამ საერთოდ განცხადება გაავრცელა.

"პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება", - წერენ ისინი.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები