საარჩევნო შეთანხმება

კობახიძე: როგორმე წერილების ამ ტალღასაც გადავაგორებდით, არ იყო მაინცდამაინც დიდი ტალღა

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ესმის, რომ "კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა", თუმცა, ასევე ფიქრობენ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.

კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დღეს, 15 მაისს,

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა თქვა:

"ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა. შესაძლოა, მას ისიც მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას.

ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.

არც იმას ვფიქრობ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთხელ მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე - მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული.

[...] წერილებს 2012 წლიდან ვიღებთ, მაგრამ მათ ხელი არ შეუშლიათ ჩვენთვის და როგორმე ამ ტალღასაც გადავაგორებდით, ეს არ იყო მაინცდამაინც დიდი ტალღა".

ირაკლი კობახიძისვე თქმით, მმართველ გუნდს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე კომუნიკაცია არ ჰქონია.

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები