საარჩევნო შეთანხმება

ხოშტარია: რურუას გამოშვების დრო და ფორმები არსებობს, არ დავაზარალოთ ქვეყანა

ტაბულა

ევროპული საქართველს წევრი, ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს გიორგი რურუა, რათა პარლამენტმა, პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებისთვის, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა სწრაფად დაიწყოს.

"რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გადადგა გონივრული ნაბიჯი, როდესაც დაიწყო 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ეს სცდება კონკრეტულ პიროვნებებს, გიორგი რურუას, გიგი უგულავას ან ოქრუაშვილს, ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როცა ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმის და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე. ეს სჭირდება ქვეყანას, ეს სჭირდება ქართულ ოცნებას და ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამაში ჩვენ გვერდით გვიდგანან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.

დავანებოთ თავი კინკლაობას და მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად რომელიც ყველას დაგვაყენებს ნორმალიზების ხაზზე. ამისთვის არის საჭირო გიორგი რურუას გათვისუფლება.

მიგვაჩნია, რომ დღეს სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, შესაძლებლობა არის, ფორმები არსებობს. ნუ დავაზარალებთ ქვეყანას მაშინ, როცა ეს პროცესი უკვე დაწყებულია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია. გადავიდეთ საარჩევნო რეფორმის ეტაპზე", - თქვა ხოშტარიამ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დატოვა.

მოსამართლე ვალერიანე ბუგიაიშვილის განმარტებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემობები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილების შეცვლაა შესაძლებელი.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, ასევე, მთავარი არხის წილის მფლობელია, 2019 წლის 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

რურუა ბრალს არ აღიარებს.

მისი გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად,რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა - ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და მისმა მოადგილემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს და მიუთითეს, რომ ახლა ელიან "გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს".

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

თუმცა, ქართულ ოცნებაში მაშინვე განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

კომენტარები