საარჩევნო შეთანხმება

სესიაშვილი: რიში 2012-შიც გვთხოვდა პოლიტპატიმრების გამოშვებას, არ მალავს, ვისი მხარდამჭერია

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ის დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც დაკავებულ პოლიტიკოსებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ და ამ მიმართულებით აქტიურობენ, არ მალავენ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან.

სესიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტპატიმრების შესახებ მრავალი წელია, საუბრობენ და ამის გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებენ, თუმცა, "მიკერძოება სახეზეა".

"2012 წლიდან დავიწყებ და მათ შორის, ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო სენატორი ბატონი რიში, 2012 წლის დეკემბერში წერილობით მიმართავდა ჩვენს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მოუწოდებდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მეტსაც გეტყვით, ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურობენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მართლაც მხარს უჭერენ და საქართველოს კარგი მომავლით არიან დაინტერესებული, მაინც უნდა ითქვას, რომ მათი მხრიდან პოლიტიკური მიკერძოებულობა სახეზეა.

როცა ხელისუფლება მოქმედებს და მართავს ქვეყანას, ყველაზე კარგი მხარდაჭერა ჩანს მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები საქართველოს მუდმივად, ყველა მიმართულებით მხარს უჭერს, ფინანსურად ეხმარება და აძლიერებს მას თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით. მხარდაჭერა ყველაზე მეტად ჩანს საქმეში და ურთიერთობაში და მინდა გითხრათ, რომ როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ისე ნატოს წევრ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს აქვს ინტენსიური და ყველაზე მაღალი ხარისხის თანამშრომლობა", - თქვა სესიაშვილმა.

სენატორი ჯიმ რიში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. ის აქტიურად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა და ხელი შეეწყო 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა, ჯიმ რიშმა და მისმა მოადგილემ, ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელეს და მიუთითეს, რომ ახლა ელიან "გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს".

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

თუმცა, ქართული ოცნება უარყოფს, რომ პოლიტპატიმრების შეწყალება შეთანხმების ნაწილია.

კომენტარები