გახარიას გამოსვლა პარლამენტში

ბოკერია: ბოღმის ელექსირ წულუკიანს უთხარით, დასავლეთში კრიტიკოსები ქვეყნის მეგობრები არიან

გიგა ბოკერია
პარლამენტი

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პარლამენტში გიორგი გახარიას მოუწოდა, აუხსნას თეა წულუკიანსა და რომან კაკულიას, რომ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის ხარისხს აკრიტიკებენ, საქართველოს მეგობრები არიან.

"ბატონო გიორგი, როგორ ბრძანეთ თქვენ? ის ხალხიო, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის, საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო, ხო ასე ბრძანეთ, ბატონო გიორგი? და იქნებ, აი ეგ ამბავი, რომ ეგ ეგრეა, თქვენ გვერდზე, რომ ზის, ქალბატონი ცქიტიშვილის გვერდზე, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი ქალბატონი წულუკიანი, იქნებ მაგას აუხსნათ ეგ და კიდევ ბატონ კაკულიასაც, ეგეთი ევროპა არ გვინდაო", - უთხრა ბოკერიამ გახარიას.

ამის შემდეგ, გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ შეახსენა თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული კომენტარი დასავლელ პარტნიორებზე და ჰკითხა, აპირებს თუ არა მინისტრის მოხსნას ამ სამარცხვინო განცხადებისთვის.

თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იმ ადამიანების დანახვისას, რომლებიც უგულავასა და ოქრუაშვილის გამოშვებისას ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ კითხვებს სვამენ, ის "თავის მოხევესთან" მიდის.

"ახლა რაც შეეხება, მე რაც გკითხეთ და ტყუილი რომ დამაბრალეთ უაპელაციოდ, რომ იტყუებიო, ხო იცით რომ არ მიყვარს არაფრის თქმა, თუ ხელში არ მიჭირავს საბუთი, ლინკი გამოგიგზავნოთ ტვ პირველზე ამ ელექსირის გამოსვლის? თუ ციტატა წაგიკითხოთ? - "თითებს ვიჭამდი ეს ორი რომ გარეთ გამოუშვეს, ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან".

ლელთ ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის. რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია ქვეყანა. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ეგეთი სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას მტრული სახელმწიფოს ოკუპაციასთან და ილია ჭავჭავაძეს იხსენებს. აი, ახლა შეგიძლიათ უთხრათ, რომ გადაყენებულია? თუ არა?", - ჰკითხა გახარიას ბოკერიამ.

"დავაწინაურებ" - უპასუხა გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა თეა წულუკიანის შესახებ კითხვა გახარიას დღეს, მანამდეც დაუსვა, თუმცა პრემიერმინისტრმა მას უთხრა, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს.

"თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მინისტრებს შორის, რომლებიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის, კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი, აზრით არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას. აი, ასეთ პარალელს მიიჩნევთ, თუ არა სამარცხვინოდ და ასეთი მინისტრი გასაშვები გყავთ თუ არა?" - ჰკითხა ბოკერიამ.

"ეჭვი მაქვს, რომ მორიგი თქვენი ფანტაზიების შედეგია ეს ყველაფერი", - უპასუხა მაშინ გიორგი გახარიამ.

19 მაისს, ქართული ოცნების წევრმა, რომან კაკულიამ დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკაზე თქვა, რომ "დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს არ სჭირდება". 

22 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ "ზოგი ამბობს - თითებს ვიჭამდი, ესენი [უგულავა და ოქრუაშვილი] რომ გარეთ დავინახე, ზოგი ამბობს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ამის მერე? რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს? აქ უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ეს ყველაფერი დასანანია, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ არა ისე, რომ ქართველებს დარჩეთ განცდა, რომ ხელი ამოუგრიხეს".

კომენტარები