ლუგარის ცენტრი

გამყრელიძე: არ დავუშვებთ, რომ ლუგარის ცენტრში ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია

საქართველოს მთავრობა

"არ დავუშვებთ, რომ ლუგარის ცენტრში ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია", - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსეთი მოთხოვნას ეხმაურება ლუგარის ცენტრში მათი ექსპერტების შეშვების შესახებ, რათა "შეამოწმონ" ცენტრის საქმიანობა.

გამყრელიძე ამბობს, რომ რუსებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში. 

"დიდი ხანია უკვე, რაც საბჭოთა კავშირი აღარა არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა, ეს როგორმე უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. 

რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ბევრჯერ არიან ნამყოფი ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ჟურნალისტები, მეცნიერები და ნანახი აქვთ, რაც იქ კეთდება. 

გამყრელიძე რუსეთის ამ და მსგავს განცხადებებს გამოხტომებს უწოდებს და ამბობს, რომ ამას პერიოდული ხასიათი აქვს, ამ პერიოდულობას კი - მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.

"ბოლო შეფასება იყო 2018 წელს, ნოემბერში, უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიის, როდესაც 17 ქვეყნის 25 ექსპერტი იყო ჩამოსული, მაშინაც ჰქონდათ მათ შეთავაზება, რომ ჩამობრძანებულიყვნენ და უარი თქვეს, ასევე შარშან მთლიანად ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა და ლაბორატორიული სისტემა შეაფასა ცალკე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა", - ამბობს გამყრელიძე.

რუსეთი ამჯერად ითხოვს, წვდომა ჰქონდეს ცენტრის ყველა შენობაზე, ლაბორატორიასა და დოკუმენტზე, რათა მისი მუშაობა "შეამოწმოს". ეს ყველაფერი რუსეთს მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე უნდა, ანუ საერთაშორისო დელეგაციების გარეშე.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული უწყების პასუხად 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პროცოკაციული განცხადებები დეზინფორმაციაა და შემაშფოთებელია. ქართული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას, თუმცა მზადაა, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, უკვე მერამდენედ, მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით.

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, გასულ წელს განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.

კომენტარები