აშშ

ტრამპის ბრძანებით, სოცმედიის კომპანიებს ლეგალური დაცვის მექანიზმების ნაწილი მოეხსნებათ

0 კომენტარი
ფოტო: AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიზანია სოციალური მედიის პლატფორმებს ლეგალური დაცვის მექანიზმების ნაწილი მოუხსნას. ბრძანება სახელმწიფო რეგულატორებს საშუალებას მისცემს ლეგალური ქმედებები წამოიწყონ Facebook-ის და Twitter-ის მსგავსი სოციალური ქსელების წინააღმდეგ იმის თაობაზე, თუ როგორ რეგულაციებს აწესებენ ისინი საკუთარ პლატფორმებზე.

ტრამპმა თქვა, რომ ბრძანება ონლაინ ცენზურის წინააღმდეგ არის მიმართული და ამ კომპანიებს ამ დრომდე შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდათ.

არსებული კანონების მიხედვით ონალინ პლატფორმები პასუხისმგებლები არ არიან იმაზე, თუ რას განათავსებენ მათ საიტებზე მომხმარებლები, თუმცა საკუთარი კეთილი ნებით შეუძლიათ, დაბლოკონ და წაშალონ შეურაცხმყოფელი, ძალადობის შემხველი და სხვა ტიპის პოსტები.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში კი დაკონკრეტებულია, რომ თუ სოციალური ქსელი მომხმარებლის მიერ განთავსებულ პოსტს შეცვლის, მაშინ მას ამგვარი იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს. ასევე იმუნიტეტი არ უნდა ეხებოდეს ისეთი პოსტების წაშლას, რომლებიც სოციალური მედიის ვებ -გვერდზე მითითებულ რეგულაციებს არ არღვევს. გარდა ამისა, შეიქმნება მიკერძოების საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს განაცხადონ სოციალურ ქსელებში მათ მიმართ არათანასწორი მოპყრობის შესახებ.

კანონს ძალაში შესვლამდე კონგრესმა უნდა დაუჭიროს მხარი.

Twitter-ში, Google-სა და Facebook-ში განაცხადეს, რომ მთავრობის მხრიდან სოციალური ქსელების ცენზურა ცუდი ნაბიჯი იქნება.

ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Twitter-მა ტრამპის ერთ-ერთ პოსტს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამო სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანი გაუკეთა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც Twitter-ის მიერ შემოღებული ახალი წესები ტრამპის ტვიტებს შეეხო.

ტრამპის ტვიტი ფოსტით ხმის მიცემას შეეხებოდა. "ნულოვანი შანსია, რომ ფოსტით ხმის მიცემა თაღლითობა არ აღმოჩნდეს", - დაწერა მან, ხოლო ტვიტის ქვეშ გაჩნდა გაფრთხილება წარწერით "გაეცანით ფაქტებს ფოსტით ხმის მიცემის შესახებ". მითითებულ ბმულზე მოცემულია სხვადასხვა ამერიკული მედიის, მათ შორის CNN-ის და The Washington Post-ის სტატიები ამ თემაზე, რასაც მოჰყვება სექცია "რა უნდა იცოდეთ", სადაც ტრამპის განცხადება გასწორებულია.

ტრამპი მომხდარს Twitter-ზევე გამოეხმაურა და დაწერა, რომ კომპანია ცდილობს, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. მან სოციალური ქსელი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა:

"ახლა Twitter-ი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა. ისინი ამბობენ, რომ ჩემი განცხადება ფოსტით ხმის მიცემის შესახებ, რომელსაც უზარმაზარ კორუფციამდე და გაყალბებამდე მივყავართ, არასწორია. ისინი ეყრდნობიან ცრუ მედიებს, CNN-ს და Amazon-ის Washington Post-ს. Twitter-ი ცდილობს, ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ!", - დაწერა მან.

ტვიტერმა საკუთარ პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე პოლიტიკა მიმდინარე თვის დასაწყისში შეცვალა.

ჯეკ დორსიმ თქვა, რომ აქტიურად ებრძვიან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას და ამისათვის მათი პლატფორმის გამოყენებას. ასევე აიკრძალა პოლიტიკური რეკლამები. ამას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარად Twitter ცდილობს, გააჩუმოს ტრამპი და კონსერვატორები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები