ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

რუსეთი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გერმანიის გამოძიების მიმართვებს უპასუხოდ ტოვებს

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

გერმანული გამოცემა დოიჩე ველეს ცნობით, გერმანელ სამართალდამცველებს რუსეთისგან ჯერაც არ მიუღიათ პასუხები ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

"ბერლინის პროკურატურამ რუსეთს მიმართვა ორჯერ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გაუგზავნა, თუმცა, ისინი რუსეთის ფედერაციამ უპასუხოდ დატოვა", - ნათქვამია გერმანიის იუსტიციის სამინისტროს მიერ ბუნდესტაგის მემარცხენე პარტიის წევრის, სევ დაგდელენისთვის მიწერილ წერილში.

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის სპესამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ამ ვარაუდს ამყარებდა რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიება.

ჟურნალისტური გამოძიების მედიამ, Bellingcat-მა ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემასთან, Der Spiegel-თან და რუსულ The Insider-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ პიროვნება, რომელმაც ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, შენგენის ზონაში არარსებული ადამიანის პასპორტით გადაადგილდებოდა და ჩაწერილი იყო არარსებულ მისამართზე.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს თავდაპირველად ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა, დეკემბერში საქმე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დანაშაულში სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურები მონაწილეობენ.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო.

2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს. მაშინ ოჯახმა მომხდარში რუსულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ხანგოშვილის ოჯახმა საქართველო სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები