აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაცია: მოშიმშილე მილორავა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს

აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსი, ემზარ პაქსაძე ტელევიზიის ადმინისტრაციის სახელით აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობენ რეალურად პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ და ცდილობენ, მაუწყებლის ფუნქციებში ჩაერიონ, ეს კი, მისი თქმით, კანონდარღვევაა.

უკვე მე-8 დღეა, ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმის" წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს, მას უნდობლობა გამოუცხადოს. კოხრეიძე მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ინტერესებს ატარებს და ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ათავისუფლებს ან ფუნქციებს უცვლის.

ემზარ პაქსაძის თქმით, კოხრეიძის გადაყენების მოთხოვნით შიმშილობა არის ზეწოლა თანამშრომლებსა და მთლიანად მაუწყებელზე. ამასთან, მილორავა და სხვები თითქოს ნეიტრალური ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ აჭარა და აინტერესებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი, სინამდვილეში კი პოლიტიკური დაკვეთებს ასრულებენ.

"მოშიმშილე პირი, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა კენჭს იყრიდნენ სხვადასხვა პერიოდებში. ალექსანდრე მილორავამ "ევროპულ საქართველოს" 2017 წლის არჩევნებზე თანხა შესწირა.

როცა ჩვენს თანამშრომლებს "ჩამოსულებს" ეძახდნენ, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისშია რეგისტრირებული.

ასეთ კომენტარებს პოლიტიკური მომავლის პირები არ უნდა აკეთებდნენ. ეს პირები განმარტავდნენ, რომ ისინი იყვნენ ნეიტრალურები. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენ მიმართ, ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' - თქვა ემზარ პაქსაძემ.

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს.

22 ნოემბრიდან დღემდე არხი ზეწოლის შედეგად დატოვა ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის ახალი სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის ფაქტების გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას.

ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ-მედიის სამსახურის უფროსს, სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებგვერდზე განთავსება.

კიდევ ერთი ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშოერს.

11 მაისს გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრების გამო არხიდან გაათავისუფლეს მალხაზ რეხვიაშვილი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე.

კომენტარები