სროლა ვარკეთილში

კაცს, რომელიც ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, ბრალი დაუმძიმდა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

კაცს, რომელიც ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, ბრალი დაუმძიმდა. ალექსანდრე ივანოვი 5 ივნისს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ, სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ივანოვს ბრალად ედება ხულიგნობა ჩადენილი ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჭიტაძის თქმით, ივანოვს ასევე ბრალი ედება ცოლის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფაც. 

ჭიტაძის ინფორმაციით, გამოკითხული მოწმეები ივანოვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, თუმცა მისი თქმით, ბრალდებულის დღევანდელი სიტყვიერი გამოსვლიდან გამომდინარე, მის მიმართ შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება. 

"ბრალდებული ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ უმისამართოდ ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითიც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, უპატივცემლობა გამოხატა საზოგადოების მიმართ და ასევე, შეტყობინების საფუძველზე გასულ პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივ ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი. მას ასევე ბრალი ედება მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისთვის, რამაც მისი მეუღლის ტანჯვა გამოიწვია", - ამბობს ჭიტაძე. 

შემთხვევა 5 ივნისს მოხდა. შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული. კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. 

"ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. 

მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას", - ვკითხულობთ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები