ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს არ ვუპასუხებ, მათ მიმართ ვალდებულება არ მაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს შეკითხვებს არ უპასუხებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში თქვა.

"ოპოზიციას, რომელსაც მე ვეძახი კოლექტიურ ნაცმოძრაობას... არავითარი ევროპული საქართველო არ არსებობს, ეს არის დიქტატორული საქართველოს მომხრეები და მათი საზოგადოება, მკვლელების და ქვეყნის გამყიდველი მტრებისგან შემდგარი კორპორაცია. მე ამ ადამიანებს პოლიტიკოსებად არ აღვიქვამ, ისინი არიან დამნაშავეები, ეს არის ჩემი პოზიცია და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული" - თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ " მე ამ ადამიანების მიმართ არავითარი პოლიტიკური სიმპათია და ვალდებულება არ მაქვს, რომ მათ პასუხი გავცე ნებისმიერ კითხვაზე".

დამაზუსტებელ კითხვაზე, უპასუხებთ ოპოზიციის კითხვებზე? - თავდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ "არა".

"ერთადერთ შემთხვევაში, მათ ბრალდებაზე და ცილისწამებაზე ვუპასუხებ საზოგადოებას, რომ საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში" - ამბობს ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში 12 ივნისს, მინისტრის საათის ფარგლებში წარსდგება.

კომენტარები