დიდი ბრიტანეთი

ლონდონში აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ლონდონში საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. გასულ კვირას აქციებზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეზღუდვა დაწესდა. შეკრებილები ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათამდე უნდა დაიშალონ.

მათ გარდა, ვინც რასიზმსა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებს, პარალელური აქციები გამართეს სხვა ჯგუფებმაც.

მოქალაქეების ნაწილი ომის მემორიალთან და უინსტონ ჩერჩილის ძეგლთან შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები და ფეხბურთის გუნდების ფანკლუბების წევრები. მათ თქვეს, რომ ძეგლებისა და ბრიტანეთის იტორიის სიმბოლოების დასაცავად გამოვიდნენ.

მოძრაობა Black Lives Matter-ის წევრთა და მხარდამჭერთა ნაწილმა პროვოკაციების საფრთხის გამო აქცია 13 ივნისის ნაცვლად 12 ივნისს გამართა.

აქციის დროსა და ადგილმდებარეობაზე შეზღუდვები დაუწესდა ორივე დემონსტრაციის მონაწილეებს.

ცენტრალურ ლონდონში მობილიზებულია პოლიცია. მათ დამატებითი უფლებები მიანიჭეს მოქმედებითვის, თუკი აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევა დაფიქსირდება. ამის მიზეზად დაასახელეს ცნობები იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ მომიტინგეს, შესაძლოა, თან იარაღი ჰქონოდა და თავდასხმა ეცადა.

აქციების გამო პარლამენტის შენობასთან მდგარ უინსტონ ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს.

მიმდინარე კვირას გამართული აქციებისას ჩერჩილის ქანდაკებას გაუკეთეს წარწერა – "ის რასისტი იყო" და დაამაგრეს ბანერი წარწერით, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".

პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მომხდარს სამარცხვინო ფაქტი უწოდა.

6-7 ივნისს დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. 7 ივნისს ლონდონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პოლიციელი დაშავდა და 12 ადამიანი დააკავეს.

აქციები აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. ფლოიდი პოლიციამ დაკავებისას მოკლა. აშშ-ის გარდა, მომხდარი გააპროტესტეს ევროპაშიც. აქციის მონაწილეები საუბრობენ ევროპის ქვეყნებში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები