აშშ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პოლიციის რეფორმის კანონი მიიღო

EPA

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო პოლიციის რეფორმის კანონი. კანონს მხარი დაუჭირა 236-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო 181. მხარდამჭერთა შორის უმეტესობა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო, მოწინააღმდეგეთა შორის კი - რესპუბლიკური პარტიისა.

კანონპროექტს ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეწოდა "ჯორჯ ფლოიდის აქტი პოლიციაში სამართლიანობისათვის".

იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის სენატმაც უნდა მიიღოს და პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს სურთ, დაამტკიცონ საკუთარი კანონპროექტი, რომელიც უფრო ნაკლებ ცვლილებებს მოიცავს. დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს.

დემოკრატიული პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი არასათანადო ქცევისათვის პოლიციელის გასამართლებას გაამარტივებს და აკრძალავს სხვადასხვა იარაღისა და ტექნიკის გამოყენებას. ასევე, ფედერალურ პოლიცია ვალდებული გახდება, გამოიყენოს კამერები, აიკრძალება მოგუდვის ტექნიკის გამოყენება, რეიდები "დაუკაკუნებლად" და გამარტივდება პოლიციელის პასუხისგებაში მიცემა არასათანადო ქცევისათვის. გარდა ამისა, ლინჩის წესით გასამართლება ფედერალური სამართალდარღვევა გახდება, შეიზღუდება პოლიციისათვის სამხედრო ტიპის იარაღის მიყიდვა და იუსტიციის დეპარტამენტს მიეცემა უფლებამოსილება, შტატებისა და ადგილობრივ პოლიციებში შეისწავლოს არასათანადო ქცევის საქმეები. შედეგად, შეიქმნება ეროვნული სარეგისტრაციო ბაზა, სადაც ასახული იქნება პოლიციის წინააღმდეგ შესული საჩივრები. პოლიციის იმ დანაყოფებისათვის, რომლებიც მსგავსი რეფორმების გატარებაზე უარს იტყვიან, კანონი ფედერალური დაფინანსების შეჩერებას ითვალისწინებს.

როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის შემოთავაზებულ ცვლილებებში არის მოგუდვის ტექნიკის აკრძალვა, ახალი საწვრთნელი პროცედურების შემოღება, კამერების გამოყენების სავალდებულოდ გახდომა და სარეგისტრაციო ბაზის შექმნა არასათანადო ქცევის აღრიცხვისათვის.

კომენტარები