117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები III მოსმენით მიიღო

ტაბულა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები III მოსმენით მიიღო. 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება – მომდევნო პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სიიდან იქნება, ხოლო 30 – მაჟორიტარი.

დღევანდელ კენჭისყრას ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებიან. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია. თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 29 ივნისის სხდომაზეც არ შეუცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი. 

საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლება იყო აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებდა.

კომენტარები