გერმანიის ელჩი

NGO-ები გერმანიის ელჩზე: მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის ჩვენს შეუფერხებელ მუშაობას

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

"გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის შეფასება, როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს". – 45 არასამთავრობო ორგანიზაცია გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებას ეხმაურება. ელჩი NGO-ებს ქსენოფობი კანდიდატის, სოფო კილაძის მხარდასაჭერად კიცხავს. საქმე ეხება გაეროსადმი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად.

29 ივნისის განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ისინი სოფო კილაძეს პერსონალურად კი არ ესხმიან თავს, არამედ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას აფასებენ. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და ამავდროულად, მოვალეობაცაა. NGO-ების შეფასებით, ის, რომ გერმანიის ელჩი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას.

"უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივისცემა გამოვხატოთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს, ისე გერმანელი ხალხის წინაშე. ასევე ვაფასებთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამავდროულად, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ ელჩის საჯარო განცხადებას.

ბატონი ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას სოფიო კილაძეზე პერსონალურ თავდასხმად აფასებს და პარალელს ავლებს პოლიტიკურ პარტიებს შორის არაჯანსაღ დაპირისპირებასთან. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულ საქმიანობას და არა ამ ორგანიზაციების "ამ დონემდე დაშვებას”.

უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა გაეროს კომიტეტებში. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებოდით სახელმწიფოს პირველი მხარდამჭერები ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში, თუკი ეს მოხდებოდა ღიად, გამჭვირვალედ, პროცედურებისა და გაეროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრული დაცვით.

ჩვენი კომუნიკაცია გაეროს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ცალსახად გამორიცხავს პოლიტიკურ შინაარსს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ მოწოდება, ხოლო გაეროს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატის შერჩევა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის პრობლემურია საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფა და საზოგადოებისგან ფარულად კანდიდატის შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესის წარმოება.

გაერო კომიტეტების წევრობისათვის ადგენს მკაფიო პროცედურულ წესებს და კრიტერიუმებს, რომელთა შორისაა კანდიდატის ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში, მისი ღირებულებები და დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორთან, კანდიდატის შერჩევის რეკომენდებული პროცესის განუხრელი დაცვა და სხვა. გაეროს ყველა კომიტეტი სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და იმავეს მოუწოდებს კანდიდატების წარმდგენ სახელმწიფოებს.

როგორც განცხადებაშიც აღვნიშნეთ, კანდიდატი, რომელიც დასახელდა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ აკმაყოფილებს ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორიცაა მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს.

სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის წარმომადგენელთა მიმართ. აღნიშნული ფაქტები აღწერილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებში და ფართოდ არის გაშუქებული არაერთი მედიასაშუალების მიერ. აღნიშნულის გამო საზოგადოებამ არაერთ პროტესტის ფორმას მიმართა.

ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება არა ქალბატონ კილაძეზე პერსონალური თავდასხმა, არამედ სახელმწიფოს მიერ ზემოთქმული პრინციპების უგულებელყოფის შეფასებაა. ეს კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და, ამავდროულად, მოვალეობაცაა.

გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის შეფასება, როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს. მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევას.

დემოკრატიული პროცესებისადმი პატივისცემის ფონზე, სასურველია არავინ მოახდინოს საკითხის პოლიტიზირება და ნებსით თუ უნებლიედ არ შეუწყოს ხელი სამოქალაქო სექტორის დასუსტებას ჩვენს ქვეყანაში". – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), თბილისი პრაიდი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), თანასწორობის მოძრაობა, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE), ქვიარ ასოციაცია თემიდა, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, საქართველოს პორტიჯის ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ცენტრი ემპათია, ქალთა ფონდი საქართველოში, ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD), საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, კავშირი ქალი და რეალობა, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, თანამშრომლობა დემოკრატიული განვითარებისათვის (CDD), პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის (PSW), დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია (DCFG), არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი (INC), ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის, საზოგადოება ბილიკი, თავისუფლების ინსტიტუტი, პარტნიორობა ბავშვებისთვის, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია (GACD), ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი;თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – (CTC), საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) წევრი ორგანიზაციების სახელით, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), მედიის ინსტიტუტი, კავშირი საფარი, უფლებები საქართველო, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰუბერტ კნირში თბილისში 2018 წლის სექტემბრიდან ასრულებს მოვალეობას. მანამდე ის ოთხ წელს მოსკოვში, გერმანიის რუსეთის ფედერაციის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, იქამდე კი გერმანულ სამთავრობო სტრუქტურებში – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის აპარატში მუშაობდა (სამი წლით, გერჰარდ შრედერის დროს). 

უკანასკნელ ხანებში ჰუბერტ კნირშის განცხადებებმა მისი რეპუტაცია შეარყია. ამათგან უახლესი რვა მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა. მან თქვა, რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი “შეთანხმებაში ნახსენები არ არის”.

ამ ამბამდე ერთი დღით ადრე ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდაჭერისათვის. გარდა ამისა, ჰუბერტ კნირშის აზრით, 2008 წელს საქართველომ რუსეთი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და საბაბი მისცა, ამით ესარგებლა.

ჰუბერტ კნირშის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები