აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დაინიშნა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ახალი რედაქტორი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

გოგიჩაიშვილი აჭარის ახალი ამბების ვებ-გვერდის ხელმძღვანელის, ნინო ხაჟომიას მეუღლეა. ხაჟომია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორია, რომელმაც 24 თებერვალს დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, 4 დღეში დატოვა

მის მიერ თანამდებობის დატოვებას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის Facebook-გვერდზე გავრცელებული მოკლე ვიდეო უსწრებდა, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას აკეთებდა გადაცემა 60 წუთამდე, ხაჟომია პასუხობს: "ვტ***რობდი". 

თავად აკაკი გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2018 წელს დატოვა

გოგიჩაიშვილი ამბობდა, რომ რუსთავი 2-ში გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით მიიღება და ეს მისთვის მიუღებელია. 

გოგიჩაიშვილამდე აჭარის ტელევიზიაში აღნიშნულ თანამდებობას ფირუზ ბოლქვაძე იკავებდა.

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნა, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს.

22 ნოემბრის შემდეგ არხი ზეწოლის შედეგად დატოვა, ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის, ახალი სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას.

ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინმედიის სამსახურის უფროსს, სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა ვებგვერდზე საინფორმაციო ამბების კონტენტის განთავსება.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშორეს.

11 მაისს გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრებისთვის არხიდან გაათავისუფლეს მალხაზ რეხვიაშვილი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები