გიორგი შაქარაშვილის საქმე

ექსპერტი შაქარაშვილზე: აუცილებლად გავიგებთ სიკვდილის მიზეზს და დაზიანებების ხანდაზმულობას

"კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ვერ დადგენდეს სიკვდილის მიზეზი" - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ TV პირველის ეთერში თქვა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა გადაცემა რეაქციაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხედარს მოტეხილობები არ ჰქონდა, თუმცა "იყო დაზიანებები სახის არეში, სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები, ბლაგვი ხასიათის, შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც". ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილს "ეს დაზიანება შეიძლება მიეღო ნებისმიერ სიტუაციაში ბლაგვი ზემოქმედების მქონე საგნის თუ ფაქტორის გარკვეული სიძლიერით ზემოქმედების პირობებში".

დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ლაბორატორიული კვლევა იმიტომ გახანგრძლივდა, რომ სხეული ოთხი დღის მანძილზე წყალში იყო.

"გამოვრიცხავ, რომ ვერ დადგენდეს სიკვდილის მიზეზი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ვერ დადგინდეს დაზიანებების ხანდაზმულობა. ეს არის ორი ყველაზე ძირითადი საკითხი. ცალსახად ვადასტურებ, რომ ეს საკითხები დადგენილი იქნება კატეგორიულ და არა სავარაუდო ფორმატში.

გავიგებთ, რა არის სიკვდილის მიზეზი. გავიგებთ, დაზიანებები სად არის, რა ხასიათის არის, როგორი დაზიანებებია და რაც ყველაზე ღირებულია - ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ, ან ნაწილი სიცოცხლის დროინდელია, ნაწილი სიკვდილის შემდგომი და ასე შემდეგ" - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. აგარაკზე იუბილარის მეგობრებსა და უბნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ჩხუბში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და "ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა".

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ. ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება". – აცხადებს შსს.

კომენტარები