შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გატარების უფლება გახანგრძლივდეს

პარლამენტი

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვები გახანგრძლივდეს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებრივი შეზღუდვები დააწესოს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ვადა 15 ივლისამდე იყო განსაზღვრული. 

შეზღუდვების გახანგრძლივების ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ვადების შესაძლო გახანგრძლივებას სამი მიზეზი აქვს: "მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკა და მომავალი არჩევნები".

მდინარაძეს მიაჩნია, რომ ვადის გაგრძელება წლის ბოლომდე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საშუალებას იძლევა. 

"იმ შემთხვევაში, თუ გაგვირთულდება ეპიდემიოლოგიური სურათი ქვეყანაში და დაგვჭირდება გარკვეული მცირე ჩარევა, რასაც ჰქვია რეგულაცია და რეგულაციები უკვე იქნება ძალაში, ჩვენ არ დაგვჭირდება სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. არჩევნების ჩატარებას არ უნდა დაემუქროს არანაირი საფრთხე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ პერიოდისთვის არ გვქონდეს შესაბამისი რეგულაცია". – ამბობს მდინარაძე. 

აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მაისში კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მიზეზად კი, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა. 22 მაისს პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

კომენტარები