თორნიკე შენგელია

კალათბურთის ფედერაცია შენგელიაზე: იცავდა და დაიცავს სამშობლოსა და ნაკრების ღირსებას

თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება. 

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები, თოკო!".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. შენგელიამ რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი. რუსულმა კლუბმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. "გელოდებით მოსკოვში". – წერია მოსკოვის ცსკა-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში. 

შენგელიას თქმით, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის

კალათბურთელის მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ზურაბიშვილის თქმით, შენგელიას გადაწყვეტილება "სამწუხაროა და მიუღებელი".

კომენტარები