საქართველო-რუსეთი

დუგინი: თბილისში რუსული ტანკები რომ შესულიყო, სიტუაცია დღევანდელის იდენტური ქნებოდა

0 კომენტარი
ფოტო: HuffPost

ცნობილმა რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა, პროპუტინური ინტერნეტტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით ქართული ოცნებისა და პირადად ივანიშვილის როლზე ისაუბრა

დუგინი ამბობს, რომ 2008 წელს თბილისში რუსული ტანკები რომ შესულიყვნენ, სუტუაცია საქართველოში "დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია, იდენტური იმისა, რაც დღეს არის." 

"როდესაც მე გამოვდიოდი წინადადებით, ტანკები შეგვეყვანა თბილისში, ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ რუსული ტანკები შევიდოდნენ თბილისში, ჩემი აზრით, სიტუაცია დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული არ იქნებოდა. დღეს საქართველო უფრო ნეიტრალურია. დიახ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნატოს, ეს არის სასტიკი ბრძოლა გადარჩენისათვის, თუმცა არ ღირს რუსული ოკუპაციის დემონიზება", - ამბობს დუგინი. 

დუგინი ასევე ამბობს, რომ საქართველოს ერთიანობისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს "მინიმუმ, ნეიტრალური." 

"რაც დღეს არის. სინამდვილეში, საქართველოს დანაწევრების იდეა არასოდეს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში. სხვა საქმეა, რომ იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, საქართველო, მინიმუმ, ნეიტრალური უნდა იყოს. იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინასთან დაკავშირებითაც", - ამბობს დუგინი. 

დაახლოებით ამავეს ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, როდესაც განაცხადა, რომ ვერ იჯერებს, რომ რუსეთის მიზანი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაა. 

საინტერესოა, რომ დუგინის პოზიცია ემთხვევა ოცნების და პირადადი ივანიშვილის პოზიციას კიდევ ერთ საკითხში. კერძოდ - დუგინი მმართველი პარტიის მსგავსად მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს წინააღმდეგობის ქვა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ისტორიული გეოპოლიტიკური, ძლიერი, მართლმადიდებლური საქართველოს მომავალი დგას არა იმაზე, რომ იყოს წინააღმდეგობის წერტილი რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ იმაზე, რომ საქართველო იყოს ხიდი რუსეთსა და ნორმალურ დასავლეთს შორის."

დუგინის თქმით, ივანიშვილი და ოცნება არ არის გუნდი, რომლის პირობებშიც რუსეთთან ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუმცა ივანიშვილი რუსეთთან პოზიციების დაახლოების პროცესისთვის "მეტად სასარგებლოა".

" ვფიქრობ, ასეთი სუბიექტები საქართველოში უკვე ჩნდებიან, დიახ, ეს არ არის ივანიშვილი. ივანიშვილი და ოცნება - ეს გარდამავალი სტრუქტურაა, მაგრამ ის ძალიან სასარგებლოა. თუ შევადარებთ ივანიშვილის ქართული ოცნებისა და სააკაშვილი გუნდის სტრუქტურას, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება ბევრად უკეთესია, ჩემი აზრით. შესაძლოა, მე ვცდები, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ლაპარაკია რადიკალურ გლობალიზმზე, ოცნების შემთხვევაში ლაპარაკია პრაგმატიზმზე, ცენტრიზმე, ისეთ რამეზე, რაც რუსეთის მმართველი პარტიის ტიპის სტრუქტურაა."

დუგინი ქართული ოცნების პოლიტიკას და სტრუქტურას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტიპის პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებთანაც რუსეთი ყველა პრობლემის გადაჭრას შეძლებს.

"მე არ ვარ კმაყოფილი არც ქართული ოცნებით და არც რუსეთის მმართველი პარტიით, მაგრამ ეს უკვე არის რაღაც, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არც ეს არის საკმარისი, საჭიროა ახალი პოლიტიკოსები, აუცილებელია საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების შენება სრულიად ახალ პრინციპებზე. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკოსები საქართველოში გამოჩნდებიან და უკვე ჩნდებიან. ეს პოლიტიკური ფიგურები საქართველოში უკვე ჩნდებიან, სინამდვილეში, გარკვეული აზრით, სწორედ ივანიშვილის შუალედის მეშვეობით ჩნდება მოთხოვნა ახალი ტიპის პოლიტიკოსებზე, რომლებთანაც რუსეთი მომავალში გადაჭრის პრობლემას."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები