საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

"ოცნება ძალიან სასარგებლოა" - როგორ აფასებს დუგინი ივანიშვილს და ქართულ ოცნებას

primordial.org.ua

ცნობილმა რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა, პროპუტინური ინტერნეტტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში ილაპარაკა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ამ თვალსაზრისით ქართული ოცნებისა და პირადად ივანიშვილის როლზე.

დუგინმა გაიხსენა თავისი ცნობილი გამოსვლა 2008 წელს, როდესაც იგი რუსეთის არმიას თბილისის აღებისკენ მოუწოდებდა. მისი აზრით, თბილისის აღების შემთხვევაში მდგომარეობა დაახლოებით ასეთივე იქნებოდა, როგორიც დღეს ივანიშვილის მმართველობის პირობებშია.

"როდესაც მე გამოვდიოდი წინადადებით, ტანკები შეგვეყვანა თბილისში, ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ რუსული ტანკები შევიდოდნენ თბილისში, ჩემი აზრით, სიტუაცია დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული არ იქნებოდა. დღეს საქართველო უფრო ნეიტრალურია. დიახ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნატოს. ეს არის სასტიკი ბრძოლა გადარჩენისათვის, თუმცა არ ღირს რუსული ოკუპაციის დემონიზება", - ამბობს დუგინი.

"თავისთავად ჩვენ გვაქვს იმპერიული განზომილება. ეს იყო ყოველთვის, ამის უარყოფა აბსურდული იქნებოდა. თუ წარმოვიდგენთ, რომ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, დღეს პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია, იდენტური იმისა, რაც დღეს არის."

დუგინის თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის აუცილებელია,  ის იყოს "მინიმუმ, ნეიტრალური". სინამდვილეში საქართველოს დანაწევრების იდეა არასოდეს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში. სხვა საქმეა, რომ იმისათვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, საქართველო, მინიმუმ,  ნეიტრალური უნდა იყოს. იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინასთან დაკავშირებითაც", - ამბობს დუგინი.

დაახლოებით იმავეს ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, როდესაც განაცხადა, რომ ვერ იჯერებს, რომ რუსეთის მიზანი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაა. 

საინტერესოა, რომ დუგინის პოზიცია ემთხვევა ოცნების და პირადად ივანიშვილის პოზიციას კიდევ ერთ საკითხში. კერძოდ, მმართველი პარტიის მსგავსად,  დუგინი მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ლოდი შებრკოლებისა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

"საქართველოს ისტორიული გეოპოლიტიკური, ძლიერი, მართლმადიდებლური ქართული საქართველოს მომავალი დგას არა იმაზე, რომ იყოს წინააღმდეგობის წერტილი რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ იმაზე, რომ საქართველო იყოს ხიდი რუსეთსა და ნორმალურ დასავლეთს შორის."

დუგინის თქმით, ივანიშვილი და ოცნება არ არის გუნდი, რომლის პირობებშიც რუსეთთან ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუმცა ივანიშვილი რუსეთთან პოზიციების დაახლოების პროცესისთვის "მეტად სასარგებლოა".

"მე ვფიქრობ, ასეთი სუბიექტები საქართველოში უკვე ჩნდებიან. დიახ, ეს არ არის ივანიშვილი, ივანიშვილი და ოცნება ეს გარდამავალი სტრუქტურაა, მაგრამ ის ძალიან სასარგებლოა. თუ შევადარებთ ივანიშვილის ქართული ოცნებისა და სააკაშვილის გუნდის სტრუქტურას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ბევრად უკეთესია, ჩემი აზრით. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ლაპარაკია რადიკალურ გლობალიზმზე, ოცნების შემთხვევაში კი ლაპარაკია პრაგმატიზმზე, ცენტრიზმე, ისეთ რამეზე, რაც რუსეთის მმართველი პარტიის ტიპის სტრუქტურაა."

დუგინი ქართული ოცნების პოლიტიკას და სტრუქტურას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო და ხელს შეუწყობს ახალი ტიპის პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებთანაც რუსეთი ყველა პრობლემის გადაჭრას შეძლებს.

"მე არ ვარ კმაყოფილი არც ქართული ოცნებით და არც რუსეთის მმართველი პარტიით, მაგრამ ეს უკვე არის რაღაც, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არც ეს არის საკმარისი, საჭიროა, ახალი პოლიტიკოსები, აუცილებელია საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის შენება სრულიად ახალ პრინციპებზე. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკოსები საქართველოში გამოჩნდებიან და უკვე ჩნდებიან. ეს პოლიტიკური ფიგურები საქართველოში უკვე ჩნდებიან. სინამდვილეში, გარკვეული აზრით, სწორედ ივანიშვილის მეშვეობით ჩნდება მოთხოვნა ახალი ტიპის პოლიტიკოსებზე, რომლებთან ერთადაც რუსეთი მომავალში გადაჭრის პრობლემას."

კომენტარები