საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

კინზინგერი: ქართველები ან რუსეთს დაქვემდებარებას უნდა შეეგუონ ან ახალი მთავრობაა საჭირო

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ბათუმის პორტში საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიილტვის. 

როგორც კონგრესმენი საკუთარ ტვიტერ გვერდზე წერს, მთავრობა ხალხს იმედს უცრუებს, ამიტომ მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს ამ მდგომარეობას ან უნდა აირჩიოს ახალი ხელისუფლება. 

"როგორც ადამიანი, რომელსაც ოდესღაც საქართველოს ხელისუფლებასთან ახლო კავშირი ჰქონდა, ვწუხვარ, რომ ისინი დღეს ავტორიტარიზმისკენ მიილტვიან და იმედს უცრუებენ ხალხს. 

საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, ან შეეგუოს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან  საჭიროა ახალი მთავრობა". - წერს კინზინგერი. 

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

 

 

კომენტარები