საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ევროპაში საფრენად თბილისი რუსებისთვის მე-4 სატრანზიტო ჰაბი იქნება

"თბილისში, სადაც მოსკოვიდან ფრენები 2023 წლის მაისში განახლდა, ​​იმისთვის, რომ რუსებმა ევროპაში ფრენა შეძლონ, მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება".- ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია Azimuth-ის თანამესაკუთრემ ვიტალი ვანცევმა განაცხადა.

ვანცევი ამბობს, რომ Georgian Airways რუსი მგზავრებისთვის ტრანზიტის კუთხით ხელსაყრელ შეთავაზებებს აკეთებს. "რუსები მიიღებენ კარგ სატრანზიტო ჰაბს - სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ".- ამბობს ვინცევი. 

"ჩვენი პარტნიორები Georgian Airways-იდან რუსი მგზავრებისთვის ტრანზიტის კუთხით კარგ შეთავაზებებს აკეთებენ, ამატებენ ფრენებს ევროპაში - პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც პირდაპირი ფრენები ახლა დაკეტილია. შედეგად, რუსები მიიღებენ მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს თბილისში, სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ.

Georgian Airways-თან ერთად ვცდილობთ, მოვაწყოთ ჰაბი ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის და დაკავშირება მოხდეს მოკლე დროში, საათნახევარში".-ამბობს ვანცევი. 


ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები