საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ქადაგიშვილი პორტში აქციაზე: გემზე სხვა ქვეყნის ტურისტებიც არიან, მათ შორის, ალბათ, რუსებიც

ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანა დააზიანოს და პროვოკაციები მოაწყოს. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეების არიან, "მათ შორის, ალბათ, რუსებიც". 

"იმ გემზე არიან სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები, მათ შორის, ალბათ, რუსეთის მოქალაქეებიც. გამომდინარე აქედან, ვიცით სურათი რაშიც არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა დააზიანოს, პროვოკაცია მოაწყოს და ამას გართულება მოჰყვეს. რუსი ტურისტი მათთვის მისაღები იყო, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლების სათავეში".- თქვა ქადაგიშვილმა.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები