საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ვოლსკი პორტში აქციაზე: მადლობა ღმერთს, ბევრნი არ არიან, თუმცა გადაცდომები თვალშისაცემია

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ბათუმში, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება, რომელიც საკრუიზო ლაინერით რუსების ჩამოსვლას მოჰყვა. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, ახლა ლაინერთან ის ხალხი აპროტესტებს, რომელიც ადრე "კუდისქიცინით ხვდებოდა შემოსულ ტურისტებს, ეკონომიკას".

გია ვოლსკის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც გემით შემოვიდნენ პორტში, საოკუპაციო კანონი დარღვეული არ აქვთ. ამასთან დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბევრი თვალშისაცემი გადაცდომა შენიშნა დემონსტრანტების მხრიდან პოლიციასთან მიმართებაში. 

"ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს ნაცმოძრაობის ამ აქციაში. შეიძლება გულწრფელადაც არის ვინმე მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არა მარტო ტურისტებს, ეკონომიკას.

[...] იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერზე არიან ადამიანები, ვინც დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს... მადლობა ღმერთს, რომ თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება, არის საკმაოდ თვალშისაცემი".- ამბობს ვოლსკკი. 

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები