კობა კობალაძის შვილი

კობალაძე: მტკივნეულია, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე თავაღებით იმეტებენ ერთმანეთს

კობა კობალაძე

ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შეფასებით, "ნებისმიერ დანაშაულზე ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი". კობალაძე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში მისი შვილისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

"საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია, რაზეა საუბარი, არც ერთი მშობლისთვის არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, თუ მშობელი მაღალი პასუხისმგებლობის სეგმენტშია ... საკმაოდ მტკივნეულია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე გამწარებით და ასე თავაღებით იმეტებენ ერთმანეთს, ალბათ, გაცილებით უფრო მეტი ფოკუსირებაა საჭირო ჩვენიც და საზოგადოებისაც ამ პრობლემატიკაზე". – ამბობს კობალაძე.

შემთხვევა, რომლის გამოც ქართული ოცნების დეპუტატის შვილი დააკავეს, 24 ივნისს მოხდა. 

10 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ანონსი, რომლის მიხედვით, შსს-ს 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები დაკავებული არ ჰყავდა. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო. კობა კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს ჩაბარდა – მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, TV პირველის ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ". 

კობა კობალაძის შვილის გარდა, დაკავებულია კიდევ ორი პირი – 1997 წელს დაბადებული დ. ჟ. (ძალადობა და ცივი იარაღის ტარება) და 2000 წელს დაბადებული გ. კ. (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

კომენტარები