კობა კობალაძის შვილი

პროკურატურამ დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი ჯგუფურად ძალადობის მუხლით წარუდგინა

პროკურატურამ ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, მათგან ერთერთი მიმალვაშია და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კობალაძესა და კიდევ ერთ ადამიანს ბრალი 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურამ გ. კ. -ს და ს. ქ.- ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. დ. ჟ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, დ. ძ.-ს და დ. კ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ბ.-ს 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა". – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

შემთხვევა, რომლის გამოც ქართული ოცნების დეპუტატის შვილი დააკავეს, 24 ივნისს მოხდა. 

10 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ანონსი, რომლის მიხედვით, შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო.

კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს თავად ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ". 

კომენტარები