შუღლის გაღვივების საქმე

შუღლის გაღვივების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ში სანდრო ბრეგაძე დაიბარეს

0 კომენტარი

პროპუტინული დაჯგუფება ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, რასობრივი დისკრიმინაციის და შუღლის გაღვივების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

სანდრო ბრეგაძემ 20 ივლისს გიგა ბოკერია და ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში დაადანაშაულა. ბრეგაძემ თქვა, რომ გასულ კვირას, მისი პარტია არ მონაწილეობდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მას ცილი დასწამეს.

პროპუტინელმა პოლიტიკოსმა თქვა ისიც, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში "ვინმე იმამკულიევის ბანდა დაძრწის", რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. ბრეგაძე იმამკულიევის და ხაზარაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მარნეულში, ბოლშევიკი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის და მწერლის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით, 16 ივლისს აქცია გაიმართა . აქციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი და კიდევ ერთი პროპუტინული დაჯგუფების, "ზნეობის" ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი უძღვებოდნენ. ფალავანდიშვილი და სანდრო ბრეგაძე რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ აქციებს ერთად ატარებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე თვეა, "რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების" საქმეს იძიებს.

30 მაისს უწყებამ განაცხადა, რომ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთში "თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას [...]

აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით". – წერდა სუს-ი.

უწყება არ ასახელებდა, ვის გულისხმობდა "აღნიშნულ პირებში" და კონკრეტულად რა შემთხვევებს ეხებოდა გამოძიება.

გამოძიების დაწყებას წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადება უძღოდა, რომლითაც მან მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გამო გააკრიტიკა, ამ გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა და ძეგლის დემონტაჟისთვის "გონივრული ვადა" მისცა.

ეპისკოპოსი ამბობდა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციას არა მისი ეთნიკურობის, არამედ პიროვნების გამო ეწინააღმდეგებოდა.

გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოკითხეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმოამდგენელი, თამთა მიქელაძე, ასევე, შეიხ მირთაგი ასადოვი და პარტია ახალი საქართველოს მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად ახრამანოვი.

20 ივლისს აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო მედიამ Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა საქართველოს აღმოუჩინა, "აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ნარიმან ნარიმანოვის კრიტიკას, მისი ძეგლის დემონტაჟის მუდმივი მოწოდებების და, საბოლოოდ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული მედიებში, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები