კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს, 24 ივლისს, კორონავირუსის დადასტურებული ცხრამეტი ახალი შემთხვევიდან რვა ლილოს ბაზრობიდანაა, ხუთი - სოფელ გაჩიანიდან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ორი შემთხვევა შემოტანილია, სამის ინფიცირების წყარო კი უცნობია.  

ეზუგბაიას თქმით, შემომტანთაგან ერთი სატვირთოს მძღოლია. 

ექიმის ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტი დაემატათ - მათგან ხუთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ორი სოფელ გაჩიანიდანაა, ერთ კი სამედიცინო პერსონალია.  

ეზუგბაიას ცნობით, კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სულ 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, სამივეს მდგომარეობა არ უარესდება და სტაბილურია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 

დღეს, 24 ივლისს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა.

კომენტარები