არჩევნები 2020

წულუკიანი პომპეოზე: უფრო სასაცილო ხდება სპეკულაციები, რომ პარტნიორობაში რაიმე ხინჯი ჩნდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრ გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრით "უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები" იმის შესახებ, რომ აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობაში "ჩნდება რაიმე ტიპის ხინჯი". 

"მხოლოდ გუშინდელი სატელეფონო საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, მხოლოდ ამ ერთი კონტაქტისა და მისი შინაარსის ფონზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის ის სპეკულაციები და განცხადებები, რომ აშშ თავს ანებებს საქართველოს და ქართველ ხალხს და რომ ამ მეგობრობასა და პარტნიორობაში ჩნდება რაიმე ტიპის ხინჯი. 

დღესაც ოპოზიცია აგრძელებს ბრძოლას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბრძოლას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც სხვადასხვა მცდელობას ახორციელებს იმისთვის, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს მხარდაჭერა". – ამბობს იუსტიციის მინისტრი. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები