არჩევნები 2020

სააკაშვილი: უნდა იყოს საზოგადოების წარჩინებული წევრების კოალიცია, პრემიერს ხალხი დანიშნავს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "ერთპიროვნულად გაიმარჯვებს" და უმრავლესობას აიღებს. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ კოალიციის მას არ ეშინია, მაგრამ ეს უნდა იყოს საზოგადოების "წარმატებული, წარჩინებული წევრების" კოალიცია.

კითხვაზე, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა 76 ხმას აიღებს, ექსპრეზიდენტი პასუხობს - "რატომ არა? დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, როდესაც მე ჩავუდგები სათავეში სხვებთან ერთად ამ კამპანიას, იმ პირობებში, როცა იქნება აქტიური, ძალიან შეტევითი და ძალიან თანმიმდევრული, მომავალზე ორიენტირებული ნამდვილი კამპანია, იმ პირობებში, როცა ჩვენ ვაკეთებთ ხმების დაცვის სისტემას, სახის ამოცნობის სისტემას, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დამკვირვებლებს, ახალგაზრდების მობილიზაციას ვახდენთ, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ემზადება უმრავლესობის ასაღებად".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ამავე დროს, ჩვენ ვემზადებით, რომ ბევრი სხვა ადამიანი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, საზოგადოების ფართო კოალიცია. კოალიცია მე არ მაშინებს, მაგრამ ეს უნდა იყოს საზოგადოების წარმატებული, წარჩინებული, წევრების კოალიცია... ადგილების გაყოფაზე მაქვს ალერგია და გულისრევის ინსტინქტი. ჩემი ამოცანაა ყველასთვის გზის გახსნა და არა ერთი და იგივე ხალხის ტრიალი მუდმივად წრეზე".

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრემიერმინისტრი იყოს მიხეილ სააკაშვილი, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ "საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით".

როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს. მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში მაჟორიტარების გაყოფაზე უარს იმით ხსნის, რომ "ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ნაციონალურ მოძრაობასთან".

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება.

კომენტარები