თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

მთავარ არხსა და სხვა მედიებს 15 NGO პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტის დაცვას სთხოვს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Tamar Bachaliashvili

არასამთავრობო ორგანიზაციები თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მედიაში გაშუქებას ეხმაურებიან, კერძოდ კი, 9 აგვისტოს მთავარ არხზე გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გასულ ინტერვიუს. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, არსებითია, მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რაც მათივე განმარტებით, ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას. 

"მთავარ არხზე წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც ერთი მხრივ თავად გარდაცვლილის, ხოლო მეორე მხრივ მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მედიის განსაკუთრებული როლი, აკონტროლოს საჯარო ხელისუფლება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ მიმდინარე გამოძიების ხარვეზულობასა და მისი ღიაობისა და გამჭირვალობის პრობლემას, არსებითი გვგონია საქმეზე საჯარო განხილვა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვითა და პატივისცემით წარიმართოს. ამგვარ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების, ასევე მისი მეგობრების ღირსების, პირადი ცხოვრებისა და მორალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით". – წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ადამიანის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სფეროდ მოიაზრებს. მათივე განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს გარდაცვლილის მშობლების კონსტიტუციურ უფლებას, იდავონ გარდაცვლილი შვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, როდესაც ეს ინფორმაცია არღვევს მათ პირად უფლებებს. 

რაც შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას, კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების გარანტიები გარდაცვლილ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. 

"მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოების უფლება ინფორმაციის მიღებაზე, მეორე მხრივ კი, საქმეში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ამგვარი კონფლიქტის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს ინფორმაციის მნიშვნელობას საჯარო ინტერესის მქონე დებატებში ინფორმაციის სუბიექტის ცნობადობას, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს, ფორმასა და შედეგებს". – წერია განცხადებაში. 

განცხადებაზე ხელისმომწერი 15 საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ "როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭვირვალე". 

ასევე, განცხადების მიხედვით, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ სარგებლობს მაღალი საჯარო ინტერესით. 

"გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ამ უფლების არსს, რომელიც თავისთავში მოიცავს პასუხისმგებლობასაც და ზღვარდადებულია სხვათა უფლებების დაცვის ინტერესით. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, "გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან". 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას, პრესამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც განზრახ თუ გაუფრთხილებლად, ზიანს მიაყენებს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ.

პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებების და ინტერესების განხილვებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედია საშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები". – წერია განცხადებაში. 

წერილს ხელს აწერენ: 

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • კავშირი საფარი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  • მედიაკლუბი;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; 
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები