არჩევნები 2020

ვოლსკი: არ მგონია, ბოკერია სახელმწიფოს, მისი ფასეულობების, მომავლის ხედვაში შემეჯიბროს

ტაბულა

"არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება". – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ვოლსკის და ზურაბ ჯაფარიძის შორის დაპირისპირება, ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება".

გია ვოლსკი ამბობს, რომ ასაკზე და იმაზე თუ ვინ სად დაიბადა ლაპარაკი არის სპეკულაცია და გამოხატავს "თუნდაც ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ".

"მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი, ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამოირჩეოდა ისევე, როგორც ახლა – სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით.

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწიფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება. მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის. ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამ ასპარეზზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით". – ამბობს ვოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

ვოლსკი ამბობს, რომ სწორედ ბოკერიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეექმნათ ახალგაზრდებს პრობლემები.

"უმძიმესი შთამომავლობა მივიღეთ – არაერთი გაყიდული სახლი და არაერთი ადამიანი, რომელმაც თავის კისერზე გამოსცადა, თუ რა არის სადისტური მმართველობა. ახალგაზრდული თემით სპეკულაცია არასწორია და არის ზნედაცემულობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი". – ამბობს ვოლსკი.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატობაზე ზურაბ ჯაფარიძემ დღეს დაწერა. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც, დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ამ გადაწყვეტილების მიმართ. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ეს კეთილგანწყობა "გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან".

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება.

 

კომენტარები