აშშ-ტაივანი

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი ტაივანში პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენს შეხვდა

0 კომენტარი
ალექს აზარი და ცაი ინგ-ვენი. ფოტო: Reuters

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს ტაივანში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 1979 წლის შემდეგ ტაივანს ეწვია. 1979 წელს აშშ-მ ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაამყარა. ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს ნებით ან ძალით შეიერთებს.

"ნამდვილი პატივია აქ ყოფნა, რათა ტაივანს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ძლიერი მხარდაჭერისა და მეგობრობის გზავნილი გადავცე." – განაცხადა აზარმა ცაი ინგ-ვენთან შეხვედრის დროს, ტაივანის ორი დროშის ფონზე.

აზარი ტაივანში ეკონომიკური და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და ასევე პანდემიასთან ბრძოლაში ტაივანის საერთაშორისო როლის გაზრდის მხარდაჭერისთვის ჩავიდა. 

"კორონავირუსზე ტაივანის პასუხი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე წარმატებულია და ეს ტაივანის საზოგადოების და კულტურის ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული ბუნების გამოა." – უთხრა აზარმა ტაივანის პრეზიდენტს .

ცაინ ინგ-ვენმა განაცხადა, რომ აზარის ვიზიტი "პანდემიის წინააღმდეგ ჩვენ ქვეყნებს შორის კოლაბორაციაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯია". 

ტაივანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ შეხედულებებს ჯანმრთელობის უფლებაში პრეცენდენტი არ უნდა ჰქონდეს: "ტაივანის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მხრიდან აკრძალვის გადაწყვეტილება უნივერსალური ჯანმრთელობის უფლების დარღვევაა".

აზარმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე ტაივანის დამკვირვებელი სტატუსით დაშვებას, "თუმცა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს აირიდეს. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პრეზიდენტ ტრამპის ერთერთი მთავარი იმედგაცრუებაა და მის უუნარობასთან რომ რეფორმირდეს".

აზარმა ტაივანში ვიზიტის დროს გააკრიტიკა ჩინეთის პასუხი კორონავირუსზე. მისი თქმით, მსგავსი რამ ტაივანში ან აშშ-ში რომ წარმოშობილიყო მალევე შეაკავებდნენ

"ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჰქონდა შანსი გაეფრთხილებინა მსოფლიო და მსოფლიოსთან ერთად ემუშავა ვირუსთან ბრძოლაზე. თუმცა, მათ აირჩიეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ და მათი არჩევანის ფასი ყოველდღიურად იზრდება." – განაცხადა აზარმა ტაივანში.

მისი თქმით, პეკინი შეეწინააღმდეგა ინფორმაციის გაზიარებას, გააჩუმა ექიმები, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებდნენ და შეასუსტა მსოფლიოს უნარი, ვირუსზე ეპასუხა.

ტაივანი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მართვაში ერთ-ერთი ლიდერია - 24 მილიონიან ტაივანში იანვრიდან ამ დრომდე ახალი კორონავირუსის მხოლოდ 480 შემთხვევა დადასტურდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 443 გამოჯანმრთელდა.

ტაივანმა დეკემბრის ბოლოს გააფრთხილა ჯანმო ახალი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საფრთხეზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტაივანს ჯანმოში ჩინეთის წნეხის გამო არ იღებენ (ვრცლად იხილეთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?). აშშ-მ და სხვა თანამოაზრე ქვეყნებმა მაისში ჯანმო-ში მხარი დაუჭირეს, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას დასწრებოდა, მაგრამ ჯანმო ისევ უარზე იყო.

ტაივანთან სულ 14 ქვეყანას და ვატიკანს აქვთ დამყარებული ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-სა და ტაივანს 1979 წლის შემდეგ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, თუმცა იგი ტაივანის უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მარტში ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აშშ-ს ტაივანის საერთაშორისო როლისთვის მეტი თანადგომა მოეთხოვება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები