გიორგი გახარია

გახარია: ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს

მთავრობის ადმინისტრაცია

რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ, როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ, იმიტომ, რომ ჩვენ, დღეს, ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თითოეულ სამუშაო ადგილს ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, უკვე, ქვეყანამ, განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს". – თქვა მან.

გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა.

"ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების, ბიზნესის, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, უკვე ერთდროულად, ამასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე. ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენის მხრიდან იყო აბსოლუტურად სერიოზულად აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა".

გახარია ამბობს, რომ ბუნებისა და ეკოლოგიისათვის მიყენებული ზიანისთვის მკაცრი ჯარიმები დაწესდება.

"იქნება უმკაცრესი, სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა - ზიანი ბუნებას, ჰაერს, ეკოლოგიასა და პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად  და სწრაფად დასჯა. ეს ის პირობები და ფუნდამენტია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ. მარტივია რატომ, იმიტომ, რომ ყოველთვის, ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვჭირდება სამუშაო ადგილები ნებისმიერ ფასად, ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობის და ეკოლოგიის ფასად. ამიტომ, ეს უნდა იყოს საერთო კონსენსუსი ყველასთვის და კომპანიები მათ შორის, რომლებიც რა თქმა უნდა, დოვლათს, სამუშაო ადგილებს ქმნიან, მაგრამ მათ, გარემოზე ზემოქმედების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და გათვალისწინება უნდა დაიწყონ."

კომენტარები