თორნიკე შენგელია

შენგელია: პოლიტიკის მიუხედავად, უბრალო ადამიანები მზად არიან ურთიერთობისთვის

0 კომენტარი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელიც გასულ თვეში ЦСКА-ში გადავიდა სათამაშოდ, ამბობს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და რომ მისი მიზანი იმის ჩვენებაა, რომ "უბრალოდ ადამიანებს" პოლიტიკის მიუხედავად ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლია. 

ამის შესახებ კალათბურთელმა "რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის" პრესცენტრთან ისაუბრა. მის ინტერვიუს Sports.ru ავრცელებს. თორნიკე შენგელიას ჰკითხეს, რა მოლოდინები აქვს რუსეთში ვიზიტისგან. 

"მე ჩამოვედი ერთერთ ყველაზე ძლიერ გუნდში ЦСКА-ში სათამაშოდ. იმედი მაქვს, თავს გამოვიჩენ და ახალ შედეგებს მივაღწევ. ადამიანური კუთხით მინდა, ვაჩვენო, რომ პოლიტიკის მიუხედავად, უბრალო ადამიანები მზად არიან ერთმანეთთან ნორმალურად ურთიერთობისთვის". – ამბობს თორნიკე შენგელია. 

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ სპორტი პოლიტიკაში არ უნდა იყოს, სპორტსმენი პასუხობს:

"სპორტი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება". 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბ ЦСКА-სთან სამწლიანი კონტრაქტი ივლისის დასაწყისში გააფორმა. მის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, შენგელია დარწმუნებულია, რომ ЦСКА მის პატრიოტიზმს პატივს სცემს და, ამასთან, მოგების მეტი შანსი ექნება, რაც საქართველოს დროშის უფრო მეტჯერ აფრიალებას ნიშნავს.

ოკუპანტი ქვეყნის გუნდში გადასვლის დროს მისი მთავარი არგუმენტი გუნდთან დადებული კონტრაქტი იყო. კრიტიკოსების საპასუხოდ ის ამბობდა, რომ კონტრაქტის მიხედვით მას შეეძლო საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს დასწრებოდა, წინა კლუბში კი მას ამის საშუალება არ ეძლეოდა. სპორტსმენი ამბობდა, რომ ეს ერთერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ЦСКА-ში გადასვლა გადაწყვიტა. 

თუმცა, მოგვიანებით, ЦСКА-ს პრეზიდენტმა, ანდრეი ვატუტინმა თქვა, რომ კლუბი მზად არის, თორნიკე შენგელია ნაკრებში სათამაშოდ საქართველოში გამოუშვას მხოლოდ იმ პირობით, როცა გუნდის ევროლიგაში თამაშებს არ დაემთხვევა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები